15 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
თბილისში, ბრიუსელის 12 დავალებაზე ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა დღეს, ერთ მაგიდასთან იმსჯელა

თბილისში, ბრიუსელის 12 დავალებაზე ხელისუფლება, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი დღეს, ერთ მაგიდასთან მსჯელობდა. ხელისუფლების ოპონენტები, რომელთა დიდ ნაწილს არცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა არ მიუღია, ყველაზე კრიტიკული იყო.

ოპოზიციონერები პასუხისმგებლობის მთელს ტვირთს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ოცნებას აკისრებენ, რომელიც თავის მხრივ ირწმუნება, რომ 12 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა შეასრულა. მმართველი გუნდის თქმით, დარჩენილია სასამართლო რეფორმა და დეოლიგარქიზაცია, რომლის განხილვაც შეჩერებულია. 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. რეკომენდაციების შესასრულებლად საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა თითქმის დასრულდა. რჩება რამდენიმე პუნქტი, მათ შორისაა- სასამართლო რეფორმა, რომლის პროექტი ვენეციიის კომისიაშია გადაგზავნილი და დეოლიგარქიზაცია, რომლის განხილვაც შეჩერებულია.

რეკომენდაციების შესრულების ნაწილში განსაკუთრებით კრიტიკულია ოპოზიცია. მათ შორის ისინიც, ვინც გასულ წელს სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდა. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ რეფორმების შესრულებაში მთავარი მოთამაშე ხელისუფლებაა, სწორედ მისი პასუხისმგებლობაა კანდიდატის სტატუსის მოპოვება. უმრავლესობაში ამ არგუმენტებს არ იზიარებენ და ამბობენ რომ ოპოზიციის ბრალდებები სპეკულაციურია.

საერთო სურათი პოზიტიურია ევროკავშირის ელჩისთვის. პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ საბოლოო სიტყვა ევროკავშირის 27 სახელმწიფოზეა, მნიშვნელოვანია მხარეების მაქსიმალური ძალისხმევა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაჩქარება.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტიკას ამ დრომდე ელოდებიან მმართველ გუნდში. როგორც სასამართლო რეფორმის, ისე დეოლიგარქიზაციის ნაწილში უმრვლესობა მიიჩნევს რომ ევროკავშირმა უფრო მკაფიოდ უნდა ისაუბროს.

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ- კონფერენცია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა.

დღის ამბები