დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას "ნაციონალურ მოძრაობაში" ფულის შოვნის გარდა არაფერი უნდათ, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში რომ არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, ეს ახალი არ არის.
"კეზერაშვილმა და ბატონმა მერაბიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, ნიკა მელია, უამრავ, სხვა ათას ადამიანთან ერთად, რომელ მართალ თუ არამართალ გზას დაადგება? გგონიათ, ამისკენ მივისწარფით? ეს არის ძალიან ცუდი. ადამიანებს, რომლებსაც დროის აღქმა აქვთ დაკარგული და არ იციან, მომავალ წელს, კალენდრით რომ 2024 წელია. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ გარეთ 2004 წელია. მიხეილ სააკაშვილმა ის პროცესი, რომელიც დააგვირგვინა გამარჯვებით, სიმართლით, ღირსებით, ახლებური მიდგომით დაიწყო და არა სიძველით, სიყალბით, სიყალბის ლაბორატორიად გადაქცეული ორგანიზმიდან, იდეების მსხვრევით. ამიტომ დაგვირგვინდა მაშინ წარმატებით. ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს, ზაზა გოროზიას რა უნდა ენმ-ში? ფულის შოვნის გარდა არაფერი არ უნდათ. გოროზია სამეგრელოს რეგიონის ხელმძღვანელია. ვერცერთ მეგრელს ვერ იპოვი, რომელიც ალალად გეტყვის, ზაზა გოროზია იბრძვის იმიტომ, რომ ნებისმიერი მეგრელის, ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობა გაზარდოსო. ხშირად მეკითხებიან, რა არის პრობლემა, რომლის განვითარებისთვის ხელის შეშლა შემეძლო, რაზეც ჩემი პასუხია, მქონდა შესაძლებლობა, პარტია მსგავსი ადამიანებისგან, რომლებიც პარტიის საუკეთესო ინტერესებს, ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებას არ და ვერასოდეს მოემსახურებიან, სარეველასგან გამეთავისუფლებინა, რიგი ადამიანები ჩამომეშორებინა, მაგრამ ერთობა მიმაჩნდა ძალიან ძვირფასად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ახალ უკვე დავრწმუნდი, რომ სწორ ხალხთან, სწორი ერთობაა მნიშვნელოვანი. სწორი ერთობაა ღირებულ, ფასეულ ადამიანთან ერთობა, ვინც 24 საათი იმას არ ფიქრობს, ფული როგორ იშოვოს. მე ხომ ვიცნობ ადამიანებს. სამწუხაროდ, ოპოზიციაში რომ არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, ახალია? შეუძლებელია, იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ათი წლის განმავლობაში და მილიონობით შეფასებულ სახლს მიმდინარე წელს ამთავრებდე. ანატომიურად ვიცნობ ამ ადამიანებს," - განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი ბიზნესპარტნიორია.
"ივანიშვილი არის ბედნიერი, როდესაც ამათ უყურებს, რადგან იცის, გოროზია არის უახლოესი მოკავშირე ფრიდონ ინჯიასი. ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ზაზა გოროზიამ, ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არ დააყენა რამდენიმე სოფელში. ადგილობრივ პარტიას მოელაპარაკა, ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დაეყენებინათ. დაუჯერეს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი კანდიდატები არ დააყენა ინჯიასა და გოროზიას შეთანხმების საფუძველზე. ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი მოიპოვა მარტვილის საკრებულოში, მაგრამ ინჯია-გოროზიას კანდიდატები, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, რა ქნეს პირველივე დღეს, ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას," - განაცხადა ნიკა მელიამ.