07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
რამდენად რეალურია რუსეთი შავ ზღვაში, სამოქალაქო გემებს თავს დაესხას - საკითხზე მსჯელობა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე იგეგმება

რამდენად რეალურია რუსეთი შავ ზღვაში, სამოქალაქო გემებს თავს დაესხას - უკრაინის სურსათის ექსპორტის განადგურების მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში, მოსკოვის ამგვარ ქმედებას არ გამორიცხავს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ჯეიმს კლევერლის ინფორმაციით, საკითხზე მსჯელობა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე იგეგმება.

თავად უკრაინაში კი მორიგი მძიმე ღამე იყო. რუსულმა ჯარმა ხარკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. "შაჰედის" დრონის დარტყმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო ობიექტი.

24-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 100-ზე მეტი აფეთქება.

დონეცკის ოლქში, სოფელ კოსტიან-ტინივკაში რუსების მიერ კასეტური საბრძოლო მასალით დაბომბვის შედეგად 3-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა, მათ შორის 2 ბავშვია.

მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტების მიერ ნასროლ ოთხ რაკეტას.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მილიარდ ნახევარ ევროს გამოუყოფს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ვაშინგტონი კიევს ახალ, 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს; გარდა ამისა, უკრაინა უცხოელი დონორებისგან მხოლოდ ქვეყნის განაღმვითი სამუშაოებისთვის თითქმის 250 მილიონ დოლარს ელის.

უკრაინული მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრი და სხვა მაღალჩინოსნები უცხოეთის კურორტებზე ისვენებენ, ტრადიციული მიმართვის დროს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი. შექმნილ ვითარებაში საზღვარგარეთ დასვენება პრეზიდენტმა ქვეყნის ღალატად შეაფასა.

"მილიონობით უკრაინელი ყოველდღიურად ერთ რამეზეა ორიენტირებული. არა საკუთარ თავზე და სურვილებზე, არამედ სახელმწიფოსა და მათი სიცოცხლის დაცვაზე. სამწუხაროდ, ზოგი ფიქრობს, რომ ომი მათგან სადღაც შორს არის, თითქოს უზენაესი რადას გუმბათს ან ზოგიერთი ოფისის კედელს შეუძლია რეალობისგან დაცვა. როცა სახელმწიფოსთვის ყოველდღიურად იარაღს ეძებ, როცა მთელი ყურადღება არტილერიის, რაკეტებისა და დრონების მოწოდებაზეა გამახვილებული, როცა მუდმივად ხედავ და გრძნობ იმ მორალურ ძალას, რომელიც უკრაინისთვის ჩვენმა მეომრებმა მოიპოვეს, შეუძლებელია, ნებისმიერი სახის ღალატი, ან პიროვნული გამდიდრება უკრაინის ინტერესების სანაცვლოდ, სულ მცირე გაბრაზებას, მრისხანებას იწვევს. ახლა მინდა ყველა დეპუტატმა და ოფიციალურმა პირმა მომისმინოს. უნდა იმუშაო უკრაინაში და უკრაინელი ხალხის გულისთვის. ვინც ფიქრობს საზღვარგარეთ მეტი დროის გატარებაზე და ეძებს "მომგებიან" მოგზაურობებს - არცერთი თქვენგანი არ იქნება,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები