როგორ სრულდება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო 12პუნქტი და რა ეტაპზე ამჟამად საქართველო - დღის ბოლოს დასრულდა თბილისში საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენცია, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეეხებოდა. დისკუსიაში ჩართულები იყვნენ პოლიტიკოსები, დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ოპოზიცია კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ საჭირო ცვლილებები კანონებში ხელისუფლებამ მხოლოდ ფასადურად მიიღო და ისინი არსებულ გამოწვევებს რეალურად ვერ პასუხობენ.
"მათი მხრიდან თავდასხმები დასავლეთზე, ჩვენს პარტნიორებზე, ოპოზიციაზე ძალადობრივი პოლიტიკა ცხადყოფდა, რომ მათი ნომერ პირველი პრიორიტეტი არ იყო 12 პუნქტის შესრულება, აღიარეს, რომ მხოლოდ 3 პუნქტია შესრულებული. ვფიქრობ, მათ მოუწევთ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რადგან ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ, რომ საქართველო მარტო დატოვონ და მათი მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება,"- აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
"გირჩის" წევრ ჰერმან საბოს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ამის საფუძველზე მისცემს.
"სამიანი დაგვიწერეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა მაშინ, როცა შეგვეძლო ყველას ერთად გვემუშავა და ხუთიანზე შეგვესრულებინა, ყველა შესაძლებლობა გვქონდა ამისი. ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებზე არანაირი კონსენსუსი არ არის, "ქართული ოცნება" ტექნიკურად თვითონ რაღაცებს ასრულებს. მარტო 12 პუნქტის შესრულებაზე რომ იყოს კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული, ალბათ არ მოგვცემდნენ, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ, იქნება პოლიტიკური,"- აცხადებს ჰერმან საბო.