შეუერთდება თუ არა "გამარჯვების პლატფორმას" გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" ოპოზიციის ნებისმიერ ალიანსში მარგველაშვილის გაერთიანებას მიესალმებიან.
"ლანძღავენ პრეზიდენტ მარგველაშვილს, არაერთ მძიმე ბრალდებას უყენებენ მას და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოლიგარქ ივანიშვილს, რუსულ "ოცნებას" ძალიან ეშინიათ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩაერთვება ღიად პოლიტიკაში და ის აირჩევს ერთ-ერთ პლატფორმას პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად და ეს დამატებითი ბენეფიტი იქნება საერთო გამარჯვებისთვის. ამიტომ, ეს შიშები "ქართულ ოცნებაში" არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვისთანაც იქნება პრეზიდენტი მარგველაშვილი, დამატებით ბენეფიტებს შესძენს როგორც იმ კონკრეტულ პლატფორმას, ასევე საერთო ოპოზიციურ ბრძოლას,"-აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ მარგველაშვილი-ხაბეიშვილის ერთობა უცხო არ არის, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანება მარგველაშვილის რეპუტაციას კიდევ უფრო დააზიანებს.
"კარგი ტანდემი იქნება ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მარგველაშვილი, ერთმანეთს გარკვეულწილად შეავსებენ, მითუმეტეს, პათოსი, განწყობა და დამოკიდებულება ერთნაირი აქვთ. ერთნი, ვინც ამბობენ, რომ წითელი ხაზია "ნაცმოძრაობასთან" ურთიერთობა, მათთვის მთავარია, რომ არ იყვნენ დასვრილი იმ სისხლში, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე მოვიდა, მაგრამ არც ზნით, არც ჩვევებით და არც პათოსით არ განსხვავდებიან "ნაციონალური მოძრაობისგან,"-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.