"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ნიკა მელიას გუნდში ეხმაურებიან. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მამუკა გუგეშაშვილი აცხადებს, რომ ხაბეიშვილის განცხადებები უსამართლო და უღირსია. მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია და ამას აკეთებს ის ხალხი, ვინც დღეს "პარტიას მართავს".
"ამას, მელია რასაც ლაპარაკობს, ისინი ეძახიან ჭორიკანობას და ჩვენ ამას ვეძახით უსამართლობასა და უღირსობას. გადაწყვეტილებას, ალბათ, იღებს ის ხალხი, ვინც დღეს მართავს პარტიას. ყოველ შემთხვევაში, ხაბეიშვილს ამის გადაწყვეტის არც საშუალება ექნება და ვერც გადაწყვეტს.
ხაბეიშვილს დავალება აქვს, რომ დაარიგოს გაზეთები, პენსიებზე ილაპარაკოს, იაროს, იაროს, იაროს, იმიტომ, რომ ატყობენ, ვერ ასრულებენ იმ პირობას, რაც დადო არჩევნებამდე, ამიტომ ახლა ცდილობენ რაღაცნაირად აქტიური გახადონ, რომ გამოიყვანონ ამ სიტუაციიდან, რა პირობებსაც ის დებდა არჩევნებამდე. რაც შეეხება იმას, ვინ გაერთიანდება კიდევ შემდგომში, ვინ იქნება საპარლამენტო სიებში, ამ გადაწყვეტილებას ხაბეიშვილი ნამდვილად ვერ მიიღებს,"- განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.