"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ ნიკა მელია ახალ პოსტს ავრცელებს. ის თანაპარტიელების პასუხად ზაზა გოროზიას ისევ აკრიტიკებს და მას პოლიტიკურ ოპონენტებთან გარიგებაში ადანაშაულებს.
"ამ ადამიანმა 2021 წელს, როდესაც მთელი პარტია, თითქმის ყველა მისი ლიდერი შესული იყო გადამწყვეტ, რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში, მარტვილის რაიონში დადო გარიგება ფრიდონ ინჯიასთან, კონკრეტულ სოფლებში არ დააყენებინა "ნაციონალურ მოძრაობას" კანდიდატები, შემდეგ კი ოპოზიციის მიერ მოგებული საკრებულო გადაულოცა "ქართულ ოცნებას"... სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო ნიმუში," - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე ყოფილი თავმჯდომარის სტატუსს ეხმაურება და სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ თანაგუნდელები იყვნენ, დღეს საჯაროდ ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ.
"დრო ყველაფერს გამოაჩენს და ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები გუშინ იყვნენ თანაგუნდელები და დღეს საჯაროდ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას. ეს სახელები და გვარები, რომლებზეც მელიამ ისაუბრა დღეს ხომ არ გამოჩენილან, ის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო და ეს ადამიანებიც იყვნენ ამ პარტიაში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით კირკიტაძე.