15 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ვაშინგტონისა და ლონდონის სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთი სამოქალაქო გადაზიდვებზე თავდასხმას აპირებს - რა გამოსავალს ხედავს დასავლეთი მარცვლეულის კრიზისის მოსაგვარებლად

რუსეთი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს სრულ იზოლაციაში აქცევს. საგანგაშო ცნობა ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა. მოსკოვის გადაწყვეტილებით, ოდესასა და ბოსფორის სრუტეს შორის მდებარე სახომალდო მარშრუტზე, რომელსაც კომერციული გემები იყენებენ, პატრულირება სამხედრო კორვეტმა დაიწყო. საოკუპაციო ძალის მიზანია დააკავოს ყველა გემი, რომელიც უკრაინული პორტებიდან, მათ შორის, მდინარე დუნაიზე მდებარე სამდინარო ნავსადგურიდან ხორბლის გატანას შეეცდება.

მარცვლეულის გადაზიდვის შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ, მსგავსი ტიპის ესკალაცია შავ ზღვაზე განსაკუთრებით აშფოთებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომელიც სიტუაციიდან გამოსვლის გზებს ეძებს. ბრიუსელში ჩანიშნულია უკრაინა-ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაზვერვის ბოლო ცნობები გაუზიარა, მათ შორის, მოსკოვის მხრიდან მარცვლეულის საწყობებზე მოსალოდნელ სარაკეტო დარტყმებზე.

"ჩვენი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა შესაძლოა კიდევ გააფართოონ სამიზნეები უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე, მათ შორის შავ ზღვაში სამოქალაქო გადაზიდვებზე თავდასხმების ჩათვლით. პრემიერ-მინისტრი სუნაკი დილით ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის და ეს ინფორმაცია გაუზიარა. პრემიერმა სუნაკმა ასევე უთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ იგი შეძრწუნებულია ოდესაზე რუსეთის ბოლო თავდასხმებით გამოწვეული განადგურების გამო და დიდი ბრიტანეთი მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთთან და გაეროსთან, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად.

"ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის პორტების მისადგომებთან, რუსეთმა დამატებითი საზღვაო ნაღმები განალაგა. ვეთანხმებით შეერთებული შტატების შეფასებას, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა, რათა შავ ზღვაში, სამოქალაქო გემებზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულონ," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბარბარა ვუდუორდიმ.

რამდენიმე საათის წინ კი, გაეროს უკრაინის მოწვევით გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც საუბრის ძირითადი თემა ოდესის პორტსა და სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმებია, რომლებმაც მთელს მსოფლიოში ადამიანები შიმშილის ზღვარზე დააყენეს, რადგან განადგურდა ათასობით ტონა მარცვლეული.

ვაშინგტონში იმყოფება ამერიკის ელჩი ეუთოში მაიკლ ქარფენთერი, რომელიც შეერთებულ შტატებში, ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს ჩავიდა. ჰელგა მარია შმიდი შეხვედრებს ადმინისტრაციაში მართავდა. ქარფენთერმა კი, პრესკონფერენცია მოიწვია და ჟურნალისტებს ესაუბრა თავდასხმების შესახებ, რომელსაც მოსკოვი მშვიდობიანი გადაზიდვების წინააღმდეგ გეგმავს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთს განზრახული აქვს შავ ზღვაში სამოქალაქო გადაზიდვების მიზანში ამოღება. ნაღმების განთავსება უკრაინის პორტების მისადგომებთან და შემდეგ შეეცდება, შავ ზღვაში სამოქალაქო გემების დაზიანებაში უკრაინა დაადანაშაულოს. ეს არის საკუთარ დანაშაულების უკრაინისთვის დაბრალების ნიმუში, რომელიც არაერთხელ ვნახეთ. მნიშვნელოვანია, მსოფლიო იცოდეს, რომ ასეთი გეგმა არსებობს. სამოქალაქო გემებზე თავდასხმა იქნება სამხედრო დანაშაული და ამას ძალიან სერიოზულად მივუდგებით," - აღნიშნა მაიკლ ქარფენთერიმ.

ამერიკული მხარის ინფორმაციით, იმის გარდა, რომ შეთანხმებას ცალმხრივად გამოეთიშა, რუსეთმა უკრაინაში 60.000 ტონა მარცვლეული გაანადგურა. უკრაინის პორტზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ხორბალზე და სხვა პროდუქტებზე ფასის მატება ორშაბათიდან შეიმჩნევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი შავი ზღვის შეთანხმების შეჩერების შემდეგ, 15%-იან გაძვირებას ვარაუდობს. ევროკავშირი მზადაა უკრაინული პროდუქცია პოლონეთის, უნგრეთის და რუმინეთის გავლით გამოიტანოს. იმის მიუხედავად, რომ უკრაინიდან იმპორტის გაზრდა, პოლონეთისთვის და სხვა ევროპელი მწარმოებლებისთვის, მგრძნობიარე საკითხია.

დღის ამბები