უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე თავდასხმასა და მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლაზე იმსჯელეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე - სხდომაზე უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გზები განიხილეს და ამ დახმარებაში შეტანილი წვლილისთვის დონორებს მადლობა გადაუხადეს.
გამომსვლელებმა რუსეთი უკრაინელი ხალხის მიმართ ჩადენილი ბოროტებისთვის გააკრიტიკეს, რუსულმა მხარემ კი ,უკრაინის მთავრობა კანონის უზენაესობის უგულებელყოფაში დაადანაშაულა.
"2023 წლის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა 29%-ით ფინანსდება. ჩვენ მადლობელი ვართ დონორების იმისთვის, რომ უკრაინაში ჰუმანიტარულმა საზოგადოებას შეუძლია გააგრძელოს უკრაინელების მხარდაჭერა, რომელთა ცხოვრებაც ასე სასტიკად დაარღვია ამ ომმა. მაგრამ შემდგომი დაფინანსება საჭიროა ყველა გაჭირვებულის დასახმარებლად. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი ჰუმანიტარული პარტნიორები კვლავაც მზად არიან უზრუნველყონ სიცოცხლის გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარება და დაიცვან ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების სიცოცხლე და ღირსება. ქალბატონო პრეზიდენტო, რუსეთის შავი ზღვის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ, ეს უკანასკნელი თავდასხმები უკრაინელებისა და მსოფლიოსთვის სავალალო შემობრუნების სიგნალია," - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში პოლიტიკური და სამშვიდობო საქმეთა დეპარტამენტებში, ხალედ ხიარიმ.
"უკრაინამ 2014 წლიდან შეწყვიტა კანონის უზენაესობაზე დამყარებული მთავრობა. კიევის რეჟიმი კი კანონის ყოველგვარი უგულებელყოფით აკეთებს ყველაფერს, რაც სურს. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც ხდება თქვენს თვალწინ, ამაზრზენ, აშკარა უკანონობაზე და ძირითადი რელიგიური თავისუფლებების ხელყოფაზე. მხედველობაში მიიღეთ ის ფაქტი რომ კიევის პარლამენტი განიხილავს კანონით აკრძალვისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე კანონიკური ეკლესიის ქონების წართმევის შესაძლებლობას, რომელსაც უკრაინის მორწმუნეების უმრავლესობა ეკუთვნის," - აღნიშნა რუსეთის ელჩის მოადგილემ გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში, დიმიტრი პოლიანსკიმ.
"ჩვენ ვაფასებთ გაეროს გენერალური მდივნის მკაფიო გზავნილს, რომელმაც მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე. გენერალური მდივნის შეშფოთება უკრაინის კულტურისა და მემკვიდრეობის მზარდი საფრთხის შესახებ სრულიად გამართლებულია, რადგან რუსი აგრესორი ორივეს, უკრაინული იდენტობის აღმოფხვრის მცდელობისთვის პირველად სამიზნედ განიხილავს . უკრაინული მარცვლეული და სხვა საკვები რჩება კიდევ ერთი სამიზნე, რომლის აღმოფხვრასაც რუსეთი ცდილობს და საერთოდ არ აინტერესებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე მძიმე შედეგები. ამ მიზნით აგრესორი აგრძელებს თავდასხმებს პორტის ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის საწყობებზე უკრაინის სამხრეთში," - განაცხადა უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ ერებში სერგი კისლიტსიამ.