19 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
ტერორიზმთან კავშირის საქმეზე უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას განაგრძობს-  უკვე დაკავებულების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა

იადაგარ აბასოვი და მურად თავართქილაძე სასამართლოში გაძლიერებული დაცვით, მიიყვანეს. ტერორიზმის საქმეზე დაკავებულების სხდომა სპეცრაზმის თანხლებით ჩატარდა. იმ მოტივით, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, დახურული პროცესიდან მხოლოდ რამდენიმე დეტალი გასაჯაროვდა. გაირკვა რომ აბასოვი ბრალს არ აღიარებს, თავართქილაძე კი დუმილს ირჩევს. ადვოკატების ინფორმაციით, 20 წლის ბრალდებულმა იადაგარ აბასოვმა უფლებების დარღვევის შესახებ, განცხადებაც გააკეთა. საქმეზე გრიფის მოხსნა და ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლება - ადვოკატების არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სხდომას ბრალდებულების ნათესავებიც დაესწრნენ. რა კავშირი ჰქონდათ დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" - ახლობლები ამბობენ, რომ არაფერი იციან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, სპეცოპერაციით დაკავებული აბასოვი და თავართქილაძე ერთმანეთის ნაცნობები არიან. "კურიერის" ინფორმაციით, საიდუმლო მასალებში დევს სატელეფონო ამონაწერები, რომლითაც ბრალდებულების ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირები იკვეთება, მათ შორის თურქეთსა და სირიაში. "კურიერმა" გაარკვია ისიც, რომ იადაგარ აბასოვი თურქეთში ხშირად დადიოდა, რაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაშიც დაადასტურა. ამ გარემოებების მიუხედავად, ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი არ დაუმძიმდებათ.

საბრძოლო მასალა და ელექტრონული ინფორმაცია სუს-ის თანამშრომლებმა იმ ადგილიდან ამოიღეს, სადაც სპეცოპერაციით, მურად თავართქილაძე აიყვანეს. მეხსიერების ბარათებს ახლა გამოძიება შიფრავს. არ არის გამორიცხული, მოწყობილობებზე ტერორისტული გეგმების შესახებ ინფორმაცია აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, აბასოვს და თავართქილაძეს ტერორიზმთან კავშირისთვის ბრალს კიდევ დაუმძიმებენ.

გაირკვა, რომ ტერორიზმთან კავშირის საქმეზე უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აგრძელებს და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენას ცდილობს. უკვე დაკავებულების საქმეზე კი, წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა.

დღის ამბები