15 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
რაში იხარჯება დავით კეზერაშვილის ფინანსური რესურსი და რა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება ნაცინალურ მოძრაობაში

ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტში დღეს ერთმანეთის მიყოლებით სამჯერ უარყვეს ის, რაც გია ბარამიძემ საჯაროდ აღიარა, რომ დავით კეზერაშვილს პარტიაში გავლენები აქვს. წამოცდა თუ ვეღარ დამალა? - ბარამიძის ნათქვამის ინტერპრეტირება ყველამ სათითაოდ სცადა და საბოლოოდ მაინც ერთი გზავნილი გაახმოვანა. ხაბეიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ბარამიძემ იგულისხმა მხოლოდ ის, რომ კეზერაშვილი ოპოზიციურ მედიას აფინანსებს.

ბარამიძემ განმარტა, რომ რესურსის ხარჯვის სანაცვლოდ კეზერაშვილის სურვილი, პარტიაში გავლენები ჰქონდეს, ძალიან ბუნებრივია და ეს არავის უნდა უკვირდეს, პირველ რიგში კი ნიკა მელიას.

მოწოდებას, რომ პარტია დატოვოს, ნიკა მელიამ მწვავე კრიტიკა დაუპირისპირა. ვრცელ პოსტში მან გია ბარამიძეს რამდენჯერმე შეახსენა პრინციპების ღალატი. დაწერა, რომ ბარამიძე ვერც მოქალაქეთა კავშირიდან გამოვიდა და მეტიც, ვერც კომუნისტური პარტიის იდეოლოგიიდან. პასუხის პასუხი, გია ბარამიძემ მელიას სოციალურ ქსელშივე გასცა.

სამომავლოდ, არაფერს გამორიცხავენ, თუმცა რჩებიან სანამ პარტიის გამოსწორების შანსებს ხედავენ. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის გუნდი კეზერაშვილ-მერაბიშვილს კულისებიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს. მელიას თანამოაზრეებს უკვირთ, ერთ დროს მათმა მხარდამჭერმა გია ბარამიძემ რატომ შეიცვალა პოზიცია და როდიდან გახდა მისთვის მისაღები არაფორმალური მმართველობა.

ნაციონალურ მოძრაობაში არაფორმალურ გავლენებს უარყოფს პარტიაში დაბრუნებული გიორგი ვაშაძეც. არ საუბრობს არც იმაზე, იყო თუ არა კეზერაშვილ-მერაბიშვილის გადაწყვეტილება გამარჯვების პლატფორმაში მისი შესვლა .

შიდადაპირიპისრებას ჯერ კიდევ ერთმანეთის თანაგუნდელები, უკვე რამდენიმე დღეა სატელევიზიო ეთერით და სოციალური ქსელით ამწვავებენ. ერთმანეთის ადგილს პარტიაში ვეღარ ხედავენ, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში მინიმუმ 1 წლით ანუ არჩევნებამდე საკუთარ პოზიციას გიორგი ვაშაძე იმყარებს .

დღის ამბები