"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გადაწყვეტილებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში - პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ჭიაბერაშვილი არის იმ რეჟიმის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელმაც სისხლი დაღვარა და ბევრი ადამიანი გააუბედურა.
"ჭიაბერაშვილი არის ის ჭიაბერაშვილი, რომელიც იყო. მისი გამოცდილების მიუხედავად, ის არის ადამიანი, რომელიც რევოლუციური გადმოსახედიდან დესტაბილიზაციის გარკვეულ გეგმას და სტრატეგიას მიჰყვება.
დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ გააძლიერებს იმ სურათს, რაც წარმოიქმნა რევოლუციური კომიტეტის გარშემო. [ის არის] კიდევ ერთი ადამიანი, იმ პროცესის მონაწილე, სადაც უშველებელი სისხლი დაიღვარა და ძალიან ბევრი ადამიანი გაუბედურდა. ჭიაბერაშვილი იყო ამ მმართველობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ ენმ-ში მწვავე დაპირისპირება არანორმალურ მასშტაბებამდეა მისული, რაც მისივე თქმით, მოწმობს იმაზ, რომ პარტია პოლიტიკუს გავლენას კარგავს.
"იმ ფონზე, როდესაც არაფორმალური მმართველობა გამოუაშკარავდათ, ერთმანეთის მიმართ მწვავე დაპირისპირება არსებობს და არანორმალურ მასშტაბებამდეა მისული, რა თქმა უნდა, მოწმობს იმაზე, რომ რეალურად "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ შეუძლია რომ ჰქონდეს პრეტენზია, როგორც მთავარ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას.
ახლა ყველა რესურსს, რომელიც შეიძლება სადმე რაიმე ფორმით ეგულებოდეთ, ყველაფრის თავმოყრას შეეცდებიან იმიტომ, რომ ე.წ. მელიას ჯგუფი, რომელიც, როგორც ჩანს, აპირებს გავიდეს ამ პარტიიდან, წარმოქმნის უზარმაზარ დეფიციტებს და ცდილობენ ეს ყველაფერი დააბალანსონ, ხან ჭიაბერაშვილით, ხან ვაშაძის ფაქტორით და ა.შ," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.