15 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
კიდევ ერთი ძველი სახე "ნაციონალურ მოძრაობაში" - რა მიმართულება ჩააბარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პარტიის გაძლიერების ფორმულას ”ნაციონალური მოძრაობის” ახალი მენეჯმენტი ძველი სახეების დაბრუნებით ხედავს. გიორგი ვაშაძის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიამ ახლა უკვე ზურაბ ჭიაბერაშვილიც დაიბრუნა და მას საგარეო მიმართულება ჩააბარა. სპეციალურ ბრიფინგზე თავმჯდომარემ მხოლოდ ეს ინფორმაცია გააჟღერა, დამატებით კითხვებს კი აღარ უპასუხა. ხაბეიშვილის მსგავსად შეკითხვები უპასუხოდ დატოვა პარტიის ძველმა ახალმა სახემ.

”ნაციონალურ მოძრაობაში” საკადრო ცვლილებების მიღმა, ყოფილი თავმჯდომარის გუნდი პარტიის არაფორმალურ მმართველებს ხედავს. მეტიც, ვარაუდობენ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მხოლოდ დავით კეზერაშვილის სურვილით დაბრუნდა. მელიას თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჩარევა, პარტიის სხვა არაფორმალურ მმართველების უკამყოფილებას გამოიწვევს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის პარტიაში დაბრუნება "ქართული ოცნების" აზრით, "ნაციონალური მოძრაობაში" ვერაფერს შეცვლის. სახელისუფლებო გუნდისთვის ეს ფაქტი ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ განახლებისა და განვითარების რესურსი დაკარგა.

”ნაციონალურ მოძრაობაში” ძველი წევრების დაბრუნების პარალელურად, ყოფილ და მოქმედ მენეჯმენტს შორის შიდა დაპირისპირება გრძელდება. გია ბარამიძის აღიარების მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ არაფორმალური გავლენები მათ პარტიაში არ არის და კეზერაშვილ/მერაბიშვილი გადაწყვეტილებებში არ მონაწილეობენ. საპირისპიროა მელიას თანამოაზრეების პოზიცია.

ლევან ხაბეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები გადაწყვეტილებებს თავად რომ ვერ იღებენ, ამაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს "ქართული ოცნება". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას”, ნებისმიერი ხელმძღვანელის პირობებში, მხოლოდ ერთი, რევოლუციური მიზანი გააჩნია.

შიდა დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში", უკვე მრავალი თვეა გრძელდება. ნიკა მელია და მისი გუნდი პარტიის არცერთ გადაწყვეტილებაში ჩართული არ არის, ამის პარალელურად კი, "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტი პარტიის განახლებას ძველი წევრების დაბრუნებით განაგრძობს.

დღის ამბები