15 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
როგორია ამერიკის ელჩის განმარტება "ფარას" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე - ელჩის არგუმენტები მმართველი გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

კელი დეგნანი დღეს იმ ფაქტზე საუბრობს, რომელიც ამერიკის საელჩოს თანამშრომლის შესახებ დოკუმენტებში წერია. ელჩი ამბობს, რომ პოლიტიკურმა მრჩეველმა მხოლოდ ლობისტებისგან მის ტელეფონზე შემოსულ ზარს უპასუხა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გავრცელებულ დოკუმენტებში წერია, რომ სატელეფონო საუბარი ევან ელიოტთან შედგა 8 მარტს და საუბარი შეეხო - პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ნიუ იორკში ვიზიტის დროს, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე შეხვედრის ორგანიზებას.

ელჩის არგუმენტები მკაფიო არ აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ამერიკელი დიპლომატის მხრიდან უფრო მეტი სიცხადე მოითხოვა.

დოკუმენტის შინაარსზე არ საუბრობენ, თუმცა სააკაშვილის პარტიაში ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მმართველი გუნდის წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიაა.

რა ფორმით იყო ჩართული ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, მსჯავრდებულ სააკაშვილის მილიონიან პიარ კამპანიაში - მმართველი გუნდი დამაჯერებელ არგუმენტებს ამ დრომდე ელოდება და ფიქრობს, რომ სააკაშვილის ლობისტური კამპანიის მიზანი, ქვეყნის დისკრედიტაციაა.

28 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დეტალურადაა საუბარი სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ, კომპანია აკერმანის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. საუბარია მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციებზე, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობასა და პოლონელი მედიკოსების ვიზიტზე.

 

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები