საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს მმართველი გუნდი ისტორიულ ფაქტად აფასებს, ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრისას გაკეთდა განცხადება საქართველო-ჩინეთის მრავალწლიანი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გამყარების შესახებ.
ეს ორ ქვეყანას შორის 31 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს, სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფაზა კი პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებასთან ერთად, ქვეყნებს სარგებელს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებითაც მოუტანს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება.
ჩინეთს, რომელიც მისი ეკონომიკით მსოფლიოს მეორე ქვეყანაა, 1997 წლიდან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს აშშ-თან, კანადასთან და საფრანგეთთან; 2001 წლიდან არგენტინასთან; 2013 წლიდან ავსტრალიასთან; 1998 წლიდან იტალიასთან, დიდი ბრიტანეთთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან; 2002 წლიდან თურქეთთან; 2004 წლიდან გერმანიასთან და პოლონეთთან. 2005 წლიდან ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა ესპანეთთან და პორტუგალიასთან; 2006 წელს საბერძნეთთან; 2011 წელს უკრაინასთან; 2012 წლიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან; 2014 წლიდან ბელგიასთან, ბულგარეთთან, ნიდერლანდებთან, ეგვიპტესთან, კატართან; 2016 წლიდან ჩეხეთთან და შვეიცარიასთან;2017 წლიდან ფინეთთან და უნგრეთთან; 2018 წელს ავსტრიასთან; 2017 წელს ისრაელთან; 2022 წელს კი საუდის არაბეთთან.