საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება.
ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში ჩავიდა. ხვალიდან საქართველოს პრემიერი შეხვედრებს გამართავს როგორც ჩინეთის მთავრობის წევრებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მათ შორის დაგეგმილია შეხვედრები პეკინის უნივერსიტეტში და ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის დელეგაციის სტუმრობა ბიზნეს ფორუმზე.
ჩინეთის პრეზიდენტის მოწვევით დაგეგმილი ვიზიტი დატვირთულია. უკვე გაიმართა შეხვედრა თავად სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ორმხრივი შეხვედრის დროს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, მათ შორის საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა გადავიდა ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე.
საქართველომ ჩინეთის მხრიდან მიიღო სრული მხარდაჭერა და გარანტიები. ირაკლი ღარიბაშვილმა სი ძინპინთან ეკონომიკურ და სავაჭრო პოტენციალზე ისაუბრა.
ჩინეთ-საქართველოს ახალ სტრატეგიულ ურთიერთობასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა თავად დელეგაციის წევრების მხრიდან. თითოეული მათგანი ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს, ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.