სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დავით დარჩიაშვილის განცხადებას, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" შეცდომები არ უღიარებია.
მისივე განცხადებით, შავაძის შემთხვევაში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც მის მოღალატეობას დაადასტურებდა.
"ეს პოსტი მთელი სიცხადით წარმოაჩენს "ნაციონალური მოძრაობების" მანკიერებას. აბსოლუტურად არაევროპული და არაჰუმანური პოლიტიკა, პრაქტიკულად ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობს" არასდროს უღიარებია საკუთარი შეცდომები და დღემდე იგივე პოზიციაზე დგას, რომ სწორი იყო გირგვლიანთან მიმართებაში, მართალი იყო მოლაშვილთან მიმართებაში, შავაძესთან მიმართებაშიც და ა.შ. სინამდვილეში ეს არის პოლიტიკოსთა ერთობლიობა, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ ადამიანი აწამონ თუ საამისო მიზეზი გააჩნიათ. შავაძის შემთხვევაში არავითარი მტკიცებულება, რომ დააბრალონ მოღალატეობა არ გააჩნიათ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 10 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 15 წლის შემდეგ გახმაურებულ საქმეზე რვა პირი დააკავეს, ორზე კი ძებნა გამოცხადდა. 2008 წელს ჩადენილ დანაშაულის ხელახალი ძიების საფუძველი სტრასბურგის ვერდიქტი გახდა.
პროკურატურის განცხადებით, 2008 წლის 16 აგვისტოს, კაფეში მყოფ როინ შავაძეს სპეცრაზმის წევრები თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ. აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, რომ მას უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობას ედავებოდნენ და ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა.