15 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" ზურაბ ჭიაბერაშვილის დაბრუნებას ოპოზიციური პარტიის წევრები აფასებენ

"ნაციონალურ მოძრაობაში" ძველი წევრების დაბრუნება დაიწყო. გუნდს გიორგი ვაშაძის შემდეგ, ზურაბ ჭიაბერაშვილი დაუბრუნდა.

ორად გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, დარწმუნებულია, რომ პარტიის მართვის სადავეები ჩრდილოვანი მმართველების ხელშია.გაერთიანების სურვილის მქონე ხაბეიშვილი მოკავშირეებს გარეთაც ეძებს, თუმცა, სააკაშვილის პარტიის შეთავაზება მისაღები მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" აღმოჩნდა.

"ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია რას ფიქრობს პროცესთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, დაელოდება სააკაშვილის შეფასებას და მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როგორი იქნება მათი პოლიტიკური მომავალი.

"არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ჭიაბერაშვილს თავს ვესხმი. აქ მიდგომებზეა საუბარი, რამდენად მისაღებია ადამიანები ასე მართავდნენ პროცესებს. არ მომწონს ეს ბრალდებები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე დამთავრდება. მიხეილ სააკაშვილზეც ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ უყურებს პარტიის მომავალს ამ თვალსაზრისით და თუ მიიჩნევს, რომ არსებობს ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. იმის თქმა, რომ მისი დამოკიდებულება არ არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ტყუილია. დაველოდებით ამ ყველაფერს და შემდეგ ინდივიდუალურ რეჟიმში მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენს სამომავლო პოლიტიკურ ცხოვრებასთან მიმართებაში", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალური მმართველობა არ არსებობს, რადგან გადაწყვეტილებებს მყისიერად იღებენ.

მისი თქმით, ნიკა მელია ჭორაობასა და მოთქმას ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს.

" ნახავთ, როგორი აქტიური იქნება ჩვენი პლატფორმა და როგორ გაიზრდება. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენთვის ცნობადი ადამიანები გამოხატავენ სურვილს, რომ შემოუერთდნენ ამ პლატფორმას. არსად ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც გადაემოწმებინათ გადაწყვეტილება ან ეთქვათ - მოდი მერე გადავწყვიტოთო და აბა რანაირად არის ეს არაფორმალური მმართველობა?! ბატონი მელია უნდა ჩამოყალიბდეს, ის "ნაციონალურ მოძრაობის" წევრია, თუ სხვა ოპოზიციური პარტიის წევრია. ამ ჭორაობას და მოთქმას უნდა მოვრჩეთ ერთხელ და სამუდამოდ", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით,"ნაციონალურ მოძრაობა" ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ცენტრია და პარტიაში კადრების მატება გაგრძელდება.

" ჩვენ პარტიაში ოდიოზური ფიგურები არ დაბრუნებულან, შეიძლება იყვნენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც უფრო ოდიოზურები გახდნენ ვინმესთვის. ზურა ჭიაბერაშვილი არის კომპეტენტური კადრი, რომლის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. ის პოლიტიკოსები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით არიან კონსულტაციების რეჟიმში. როგორც ვაანონსებდით, რომ მატება იქნებოდა, ასევე გაგრძელდება მომდევნო თვეების მანძილზე იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ცენტრი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 
დღის ამბები