15 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთსა და საქართველოს შორის - რას მიიღებს თბილისი პეკინისგან და რა წერია ერთობლივ კომუნიკეში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პეკინში იმ უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ქვეყანას მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლიბერალური ბიზნესგარემოს გამო, განსაკუთრებულ პოზიციაში აყენებს.

პრემიერის განცხადებით, ქვეყნის სურვილია გახდეს დამაკავშირებელი დასავლეთსა და აზიას შორის. ირაკლი ღარიბაშვილმა პეკინში გამართულ ბიზნესფორუმზე იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელების შემდეგ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მკვეთრად გაიზრდება.

საქართველო და ჩინეთი გრძელვადიანი პარტნიორობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება დღეს გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ხალხთა შორის კულტურულ და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთანაც და ევროკავშირთანაც. ეს მოცემულობა მინისტრთა კაბინეტის წევრების შეფასებით, ჩვენი ქვეყნისთვის ქმნის სივრცეს დამატებითი შესაძლებლობების კუთხით, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებითაც.

ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3 ადგილზეა. ექსპორტის მხრივ პირველზეა, ხოლო იმპორტის მიმართულებით, მე-3 პოზიციას იკავებს. 2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ჩინეთის დედაქალაქში პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფებიან, ამბობენ, რომ სავაჭრო კუთხით არსებული პოტენციალი, სრულად უნდა იყოს ათვისებული.

ჩინეთ-საქართველოს საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის დროსაც. ირაკლი ღარიბაშვილმა ლი ციანს ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით ქვეყანაში არსებული პოტენციალის და იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და "შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე, რომელმაც მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა.

შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს შორის, ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა განათლების სამინისტროებს შორის. კიდევ ერთი მემორანდუმი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის წევრები ჩინეთში 26 ივლისიდან იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პოლიტიკური და კულტურული შინაარსის შეხვედრები. ირაკლი ღარიბაშვილი, ჩენგდუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო. ქალაქ ჩენგდუში ,პრემიერ-მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.

დღის ამბები