15 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
"ასტორია გრანდეს" დასამახსოვრებელი ტური აჭარაში - რუსების კრუიზი საპროტესტო აქციით და პოლიციასთან შეტაკებით

ბათუმის პორტში "ნაციონალური მოძრაობის", ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და აქტივისტების აქცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს მხოლოდ მაშინ შეწყვეტენ, როცა საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდი" ბათუმის პორტს დატოვებს.

პორტში მთელი დღის განმავლობაში, სიტუაცია რამდენჯერმე მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და საკრუიზო ლაინერთან მიახლოებას ცდილობდნენ. დაპირისპირებების დროს პოლიციამ აქციის 23 მონაწილე დააკავა. კომენტარი გააკეთა ბათუმის პოლიციის უფროსმა, რომელმაც განმარტა, რომ სამართალდამცავები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, საკრუიზო ლაინერზე კი შემოწმების მიზნით იყვნენ ასულები.

ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამი პირი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ლევან იოსელიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ის აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას განაგრძობს. სპეციალური ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემაც. ლევან ხაბეიშვილის თქმით, აქციაზე დაკავებულთა შორის უმრავლესობა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

"ნაცმოძრაობასთან" ერთად ბათუმში იყო ჩასული პარტნიორი პარტია - "სტრატეგია აღმაშენებელი". აჭარაში არ ჩასულან, თუმცა პროტესტის გაგრძელების მომხრეა სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.

ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ოპონენტების ქმედებებთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდნენ. დეპუტატებმა განმარტეს, რომ შემოწმებას ყველა ტურისტი გადის, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზით შემოსვლის შემთხვევაში.

ბათუმის პორტში ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები გუშინ გვიან ღამით შეიკრიბნენ. მთავარი მიზანი ლაინერ "ასტორია გრანდეს" ბათუმის პორტში შემოსვლის გაპროტესტება იყო, თუმცა, ადგილზე მისულ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და პარტიის სხვა წევრები ბანერებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ.

ნავსადგურში ვითარება რამდენჯერმე, მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა გემზე შესვლა სცადეს. ბათუმის პორტში შეკრებილებმა კვერცხები და ქვები ესროლეს სამარშრუტო ავტობუსებს, რომლითაც ლაინერის მგზავრები პორტიდან გამოვიდნენ.

დღის ამბები