ტრამპის ბრალსა და 2020 წელს საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს შორის უმრავლესობა გარკვეულ პარალელს ავლებს. მმართველი გუნდის შეფასებით, სწორედ იგივე ქმედებებს ახორციელებდნენ საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლები, რისთვისაც ტრამპს ბრალი წაუყენეს. ისინი იხსენებენ "ისფედის" პარალელური ხმის დათვლის წინასწარ შედეგებს, რომელშიც, როგორც შემდგომ გაირკვა, შეცდომა იყო, რასაც მათი განცხადებით, ოპოზიცია საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა.
მათ დამოკიდებულებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, რეალურად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" წააგო.
პარტია ”საქართველოსთვის” თავმჯდომარის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" არასწორ ნაბიჯებს " ქართული ოცნება" სათავისოდ ძალიან კარგად იყენებს.
" 2020 წელს დარღვევები იყო. არ ვიცი პვტ-ის კონკრეტული შედეგები გააყალბეს თუ შეეშალათ - ამასთან დაკავშირებით განცხადებები ყველა მხრიდან მოგვისმენია. ამ ნაწილში შემფასებლად არ გამოვდგები, რასაც ვუყურებ, "ქართული ოცნება" ძალიან კარგად იყენებს " ნაციონალური მოძრაობის" მიერ გადადგმულ არათანმიმდევრულ ნაბიჯებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რეალურად, 2020 წელს "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნები წააგო რადგან მათ წინააღმდეგ საზოგადოების 52%-მა მისცა ხმა.
" ამას ვინც ლაპარაკობს მინიმუმ სინდის სინდისი მაინც უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ გაყალბების მიუხედავად, 48% აიღო "ქართულმა ოცნებამ", რაც არ არის უმრავლესობა. მის წინააღმდეგ მიცემული იყო 52 % ხმა, შესაბამისად, სინამდვილეში, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგო და მავნე კანონმდებლობიდან გამომდინარე არის ახლა უმრავლესობაში", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.