რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ გაკეთებული დეტალური განმარტებები ოპოზიციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "ლელო" ისევ საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს.
ავტომაგისტრალის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით, შეკითხვები აქვს "ნაციონალურ მოძრაობასაც". პარტიის წევრები ინფრასტრუქტურის მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია.
4-ზონიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხზე, ოპოზიციის ბრალდებებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთი დაკეტილი არ არის, იქ მოქმედებს გადაადგილების სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის პოტენციური მეწყრის კერა. უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა უშუალოდ პროექტისა და ფინანსური აუდიტის შესახებაც, რომელსაც მისი თქმით, დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიები ხელმძღვანელობდნენ, თავად პროექტირებაში კი ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, 140 ქართველი და უცხოელი სპეციალისტი იყო ჩართული. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ფინანსურ ტრანზაქციებზეც, რომელიც ოპოზიციის ბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებებმა, მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციის ყველა ბრალდება გააბათილა. სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მათი მოთხოვნებს არასერიოზულს უწოდებს, რადგან მათი თქმით, რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობის ხარვეზებთან დაკავშირებით, მტკიცებულებები არ არსებობს.
რიკოთის 4-ზონიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა საბოლოოდ , 2024 წელს დასრულდება, თუმცა წელს უკვე გაიხსნება ხევიდან-ზესტაფონამდე ორი მთავარი მონაკვეთი. 3-მილიარდიანი პროექტის ფარგლებში 51 გვირაბი უნდა აშენდეს, აქედან 45 უკვე დასრულებულია, 97 ხიდიდან კი 81 უკვე აშენდა. მოქალაქეები 12 გვირაბითა და 22 ხიდით უკვე თითქმის რვა თვეა სარგებლობენ. ამ დროისთვის პროექტის 86 პროცენტი შესრულებულია.