15 ნოემბერი 2024,   17:05
ვრცლად
არც ერთი ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი - სარჯველაძე

შოვში მომხდარი სტიქიის გარშემო პოლიტიკური დისკუსია გრძელდება - ოპოზიციის მოთხოვნას შეიქმნას საგამოძიებო კომისია "ქართული ოცნება" მწვავედ აკრიტიკებს.

შოვში მომხდარი ტრაგედიიდან 2 კვირაზე მეტი გავიდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ოპოზიციის უმრავლესობის მთავარი მოთხოვნა სწორედ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო, რომელიც შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიურ უბედურებას შეისწავლის და ასევე, თუ რამდენად ადეკვატური და სწორი იყო სახელმწიფოს მოქმედება სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით.

"საგამოძიებო კომისია ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი და ბერკეტია მსგავსი ტიპის გამოძიებისთვის. ასევე, მიუკერძოებელი და რომელსაც საზოგადოების ნდობა შეიძლება ჰქონდეს. ჩვენი წარმომადგენლები იქ იყვნენ, ადგილობრივებსაც ვესაუბრეთ, მოკვლევაც ჩავატარეთ. ამის შედეგებიც ძალიან მალე დაიდება. იაფფასიან პოპულისტურ პიარს ჩვენ არ ვეწევით, მაგრამ ადგილობრივად, ადგილობრივების გამოკითხვა, მოკვლევა, ვინ სად იყო, ეს ყველაფერი ჩატარდა," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები არც კი ყოფილან სტიქიის ზონაში და რაჭაში არსებულ სურათს არ იცნობენ.

"სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ამ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი ასეთი მონდომება და მეცადინეობა იმიტომ, რომ აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა. ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე, მათ შორის, როდესაც დაიწყო მოთხოვნების წამოყენება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ.

მაგრამ, არავის დაგვავიწყდეს, რომ არც ერთი ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, არც ერთი მათგანი პრაქტიკულად ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები