15 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
შოვის ტრაგედიის ირგვლივ პოლიტიკური დებატები არ წყდება - "ნაციონალურმა მოძრაობამ" სტიქიის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

"ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში და სრულად არის აღდგენილი, ტრაგედია და ქრონოლოგია", - ლევან ხაბეიშვილი იმ კომისიის შუალედურ დასკვნაზე საუბრობს, რომელიც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიის ბაზაზე შექმნა. დოკუმენტი, რომელიც, მისივე თქმით, საგანგებოდ მომზადდა-მედიაში, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას უყრის თავს. ”ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ჯგუფმა, რომელიც შოვის ტრაგედიას სწავლობდა, დაადგინა, რომ მთავარი პრობლემა გულგრილობა და დაგვიანებული რეაგირება იყო. ლევან ხაბეიშვილს დღეს იმის განმარტებაც მოუწია, რამდენად დამაჯერებელია მისი განცხადებები მაშინ, როცა ის სტიქიის ზონაში არც კი ჩასულა.

”ნაციონალური მოძრაობა” ”ქართულმა ოცნებამ” დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობასა და უპასუხისმგებლობაში. მმართველ ძალაში მიაჩნიათ, რომ ოპონენტებს ტრაგედიით პოლიტიკური დივიდენდის მიღება სურთ.

პოლიტიკური ქულების ჩაწერის საშუალებად აღიქვამს სახელისუფლებო გუნდი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნასაც. ”ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ აუცილებელია სამართლებრივი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანომაც მოამზადოს. საგამოძიებო კომისიის შექმნის და ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიამ 5 უწყებას 47 კითხვით უკვე მიმართა.

საკანონმდებლო ორგანოში, საგამოძიებო კომისიის შექმნას, ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია თითქმის სამი კვირაა ითხოვს, თუმცა კოლეგების დარწმუნებას ვერ ახერხებს. პრობლემა, რომელიც ოპოზიციის ნაწილს აქვს ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ უნდობლობაა. პარტიებში აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური ძალა მომხდარს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნა, მმართველი პარტიის შეფასებით უსაფუძვლო მოთხოვნაა. ”ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპონენტები ხელოვნურად ცდილობენ სიტუაცია დაძაბონ. სახელისუფლებო პარტიისთვის ”ნაციონალური მოძრაობას” კომპეტენტურობა აკლია.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით შოვის ტრაგედიის შემსწავლელ კომისიას ოპოზიცია პარლამენტში ვერ შექმნის. მომხდარზე სამართლებრივ დასკვნას საზოგადოება ოფიციალური უწყებისგან ელოდება. 3 აგვისტოს მოვლენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

ავტორი:გიორგი ჯანგულაშვილი

დღის ამბები