15 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
"დილით წავიდნენ ნახირში და აღარ მოვიდნენ საღამოს" - საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავა

მორიგი უკანონო დაკავება- რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საქართველოს ორი მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ აიყვანეს- ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ფაქტის შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას", - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

ადგილობრივების თქმით, ორი უკანონოდ დაკავებული პირი ნახირში იყო და სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს აიყვანეს ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა.

მათივე თქმით, დაკავებულებმა თავად მოახერხეს ახლობლებთან დარეკვა, რათა შეეტყობინებინათ უკანონოდ დაკავების შესახებ.

"დილით წავიდნენ ნახირში და აღარ მოვიდნენ საღამოს. საქონელი ჩამოვიდა უპატრონოდ და გაგიგეს ხალხმა, რომ ასე იყო. ვინც დაინახა ადრე წავიდნენ მორეკეს საქონელი. მერე პოლიცია მოვიდა, წაყვანილები არიანო. როგორც იქ ნამყოფებმა თქვეს სასამართლო ტარდებაო, მერე გადაიხდი ჯარიმას და მოდიხარ. ერგნეთში მოიყვანენ და გადმოსცემენ ჩვენს პოლიციას", - განაცხადა ადგილობრივმა.

დღის ამბები