15 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
გორი, კასპი, ქარელი - სახელმწიფო განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში სამივე ქალაქის რეაბილიტაციას ახორციელებს

გორი, კასპი, ქარელი - სახელმწიფო განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში სამივე ქალაქის რეაბილიტაციას ახორციელებს. შიდა ქართლში მიმდინარე სამუშაოებისას რამდენიმე ათეულ შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა, ქუჩებზე დამონტაჟდა ახალი განათებები და მოეწყო ტროტუარები. სამივე ქალაქში მოეწყო ახალი სკვერები და საბავშვო მოედნები.

სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია განხორციელდა. შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მოეწყო ტროტუარები, დამონტაჟდა ქუჩის ახალი განათების სისტემა და გამწვანების ზოლები.

გორში სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია 12 შენობას ჩაუტარდა. მეორე ეტაპზე კი 15-ს. ახლა კი, საბოლოო სამუშაოები მიმდინარეობს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განახლდა ქარელის ცენტრალური ტერიტორია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მერიის შენობას და იქვე მდებარე სკვერს.

ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის განახლების გარდა, სამუშაოები ჩატარდა თამარ მეფის, ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩებზეც. მოეწყო ბავშვებისთვის გასართობი სივრცე, სკვერები. ფასადები შეიცვალა ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ კორპუსებზე, კერძო სახლებზე და კომერციულ სავაჭრო ობიექტებზე.

განახლებული რეგიონების პროგრამაში მოხვდა კასპიც. ქალაქში ახლა უფრო მეტი მწვანე სივრცეა. გიორგი სააკაძის სკვერი, გენერალ მაზნიაშვილი ბიუსტი, გმირთა მემორიალი - ქალაქის ცენტრალური ტერიტორია, წელიწადზე მეტია რაც განახლდა.

კასპში, გიორგი სააკაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე ახალი ტროტუარები დაიგო. შენობებს კი ახალი ფასადები აქვს. ქუჩებში შეიცვალა გამწვანების ზოლი. კასპის მერი იმედოვნებს რომ, სახელმწიფო პროგრამა უახლოეს მომავალში ქალაქის უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს.

ოთხ წლიანი პროგრამა - "განახლებული რეგიონები", რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება, 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა მოიცავს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

დღის ამბები