15 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
კახეთი რთველისთვის ემზადება - მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი ცუდი ამინდის გამო ნაწილობრივ დაზიანდა, სახელმწიფოს დახმარებით ფერმერები ყურძნის სრულად ჩაბარებას შეძლებენ

კახეთი რთვლისთვის ემზადება. მევენახეების ნაწილმა ცქრიალა ღვინისთვის განკუთვნილი ყურძნის კრეფა და ღვინის საწარმოებში ჩაბარება უკვე დაიწყო, რთველის აქტიური პერიოდი კი 5 სექტემბრიდან ტრადიციულად დედოფლისწყაროს რაიონში დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი მოსავალი ცუდი ამინდის გამო ნაწილობრივ დაზიანდა, სახელმწიფოს დახმარებით და სუბსიდირებით, ფერმერები მოკრეფილი ყურძნის სრულად ჩაბარებას შეძლებენ. კილოგრამი რქაწითელისა და კახური მწვანის ფასი კი მინიმუმ 90 თეთრით განისაზღვრა.

ამას გარდა, კომპანიები რომლებიც დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებენ სახელმწიფოსგან სუბსიდიით კილოგრამზე 20 თეთრს მიიღებენ. წელს კახეთში დიდ მოსავალს როგორც მევენახეები, ასევე ღვინის საწარმოებიც ელოდებიან. თუკი 2012 წლამდე ქვეყანაში ღვინის მხოლოდ 40-მდე კომპანია იყო, სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამის საშუალებით, წელს მათმა რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა. გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაიზარდა იმ ფერმერთა რაოდენობაც, რომლებმაც ვენახების გაშენება დაიწყეს.

იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორი დაზიანებული მოსავლის შესყიდვაზე უარს იტყვის, მას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს და 90 თეთრს გადაუხდის. გადაწყვეტილება, ზუსტად ერთი თვის წინ მთავრობის მეთაურთან გამართულ შეხვედრაზე დამტკიცდა, ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ მხარდაჭერა დადებითად აისახება ღვინის ექსპორტზე და ასევე საწარმოებისა და მევენახეების ბიუჯეტზეც.

საერთო ჯამში თუ 2008 წლიდან 2012-ის ჩათვლით, 181 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. 2013-2022 წლებში ამ მაჩვენებელმა - 1644 ტონა შეადგინა.

ღვინის მარნის მფლობელები ჰყვებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, სახელმწიფო მევენახეების დახმარებაზე არ ზრუნავდა.

ღვინის ექსპორტი 2012 წლამდე მხოლოდ 20 მილიონი ლიტრი იყო. გასულ წელს კი 2012 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტი, 103,4 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დახმარება საწარმოების დაფინანსების მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია მცირე და დიდი ზომის ღვინის 66 საწარმო, მათ შორის 37 კახეთის რეგიონში. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კი, გაცემული სესხის ოდენობა 390 მლნ ლარს აღემატება. აქედან სააგენტოს თანადაფინანსება 108 მლნ ლარზე მეტია. უშუალოდ კახეთის რეგიონში გაცემული სესხის რაოდენობა 292 მლნ ლარზე მეტია, სააგენტოს თანადაფინანსება 81 მლნ ლარს აღემატება. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 8 მლნ ლარს აღწევს. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ღვინის წარმოების მიზნობრიობით სააგენტოს თანადაფინანსება 5,648,043 ლარია; პროგრამის - "ახალგაზრდა მეწარმე" ფარგლებში თანადაფინანსებაა 2,333,337 ლარი. 2012 წლამდე საერთოდ არ არსებობდა ასეთი პროგრამები და სესხების და თანადაფინანსების თანხებიც ნულის ტოლი იყო

უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი იხსენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, არათუ რთველის ხელშეწყობა, გაუსაძლისი პირობების გამო გლეხებს ვენახის აჩეხვა უწევდათ.

2012 წლამდე, მევენახეობაში არსებულ პრობლემებზე დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" საუბარი აღარ სურთ. ამბობენ, რომ წელს ფერმერებს მოსავალი გაუფუჭდათ და სახელმწიფოს მათ დასახმარებლად ეფექტური ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს არც ამ საკითხზე საუბარი უნდათ, თუმცა არქივი ინახავს იმ მასალას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთში სიმინდის მოყვანის პრიორიტეტულობაზე საუბრობს. ეს პერიოდი ახსოვთ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შედარებისთვის ციფრების ნახვაც კი საკმარისია. უფრო კონკრეტულად კი - მაშინ როცა, 2013 წელს ვენახების ფართობი 25 ათას ჰექტარს შეადგენდა, ახლა ვენახების სრული ფართობი 50 ათას ჰექტარს აღწევს. ეს მონაცემი გლეხების შემოსავალზეც დადებითად აისახა და 2013 წლიდან 2022 წლამდე, კახეთში მევენახეებმა შემოსავლების სახით 2,14 მლრდ ლარი მიიღეს. 2012 წელს მევენახეების შემოსავალი 35 მილიონი ლარი იყო, 2022 წელს კი 270 მილიონი ლარი.

წელს ყურძნის გადამუშავებაში 500-მდე საწარმოა ჩართული. მოსავლის სახით, კი 200 000 ტონამდე მატებას ელოდებიან.

 

 

დღის ამბები