თბილისს დღეს ჟოზეფ ბორელი ეწვევა. როგორია საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე - ამ მისიით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში 2 დღით დარჩება და შეხვედრებს გამართავს. ევროკავშირის უმაღლეს კომისარს თბილისში 4 საათისკენ ელოდებიან.
ვიზიტის მნიშვნელობაზე პოლიტიკოსები საუბრობენ. ოპოზიციის განცხადებით, ეს ვიზიტი გადამწყვეტი იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.
"ბორელის ვიზიტი კიდევ ერთხელ ანახებს იმას, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება და მინიჭება საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსის და ჩვენ დაგვაბრუნოს რუსულ ორბიტაზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები და არ შეიძლება ეს შესაძლებლობა დაკარგოს. ეს ასევე არის გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის," - აცხადებს ენმ-ს წევრი ანა წითლიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ბორელი ოპოზიციურ სპექტრსაც შეხვდება. ნაცვლიშვილის თქმით, შეხვედრაზე ბორელი ოპოზიციისგან მოისმენს ქართველი ხახლხის გზავნილებს.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. ასეთი მაღალი თანამდებობის პირის ჩამოსვლა ცოტა ხნით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ადასტურებს რამდენად მტკიცე და სერიოზული არის ევროკავშირის მხარდაჭერა.
ძალიან კარგია, რომ ბატონი ბორელი შეხვდება ოპოზიციურ სპექტრსაც, არამარტო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ჩვენგან ის მოისმენს ქართველი ხალხის გზავნილებს, ხმას.
საქართველოს მოქალაქეები თქვენ იცით, რომ ძალიან მედგრად და მტკიცედ აფიქსირებენ თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების მიმართ. საქართველოს მოქალაქეები ვხედავთ ამ ქვეყნის მომავალს ევროკავშირში და სწორედ ეს იქნება მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.