"არასოდეს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, არასოდეს. ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, არც მიუტოვებია, არც მიატოვებს" - ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა "რუსთავ 2-ის" ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხომ არ გაზრდის ეს ევროსკეპტიციზმს ქვეყანაში და ხომ არ შეიქმნება განწყობა, თითქოს ევროკავშირმა საქართველო მიატოვა. ამასთან, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია მუშაობა და ძალისხმევა, ქვეყანამ თავად უნდა აჩვენოს, რომ სტატუსის მიღება დაიმსახურა.
"არასოდეს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, არასოდეს, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე, მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს საგანი. ამიტომ, ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულების, ამ მოთხოვნების შესრულებაში. აი, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა.
ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1.3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვესმის, ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენი ინტერესის საგანი. თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ არის რომ ჩამოვედი და გესაუბრებით, საქმეა გასაკეთებელი და დროც არის ამისთვის, გააკეთეთ, ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.