ოთარ ფარცხალაძეს ბოლო 10 წელია სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხება აღარ აქვს - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რითაც შეერთებული შტატების მიერ ქვეყნის ყოფილი გენპროკურორის მიმართ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.
"ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელი არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებული არის რუსეთის დასანქცირებასთან. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვნენ რაზე არის საუბარი. რუსეთის სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიყვება და მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული. ჩვენ შესაბამის უწყებას ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, მათ შორის ამერიკელ კოლეგებთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.