საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს შეხვდა. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთი ყოველთვის იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდამჭერი და მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.
პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტრ პაველმა შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. მთავრობის მეთაურმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.