21 დეკემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ევროპული ვოიაჟი იმპიჩმენტის პროცედურის პარალელურად - პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნება" კვლავ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტის საქმე საგარეო ვიზიტების ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოშია, პრეზიდენტმა ახალი ვოიაჟი დაიწყო. ზურაბიშვილი ესტონეთშია. ტალინის შემდეგ ის შეხვედრების გამართვას ვილნიუსსა და რიგაშიც გეგმავს. მმართველ გუნდში პრეზიდენტის ქმედებაზე სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს.

პრეზიდენტის ვიზიტს ბალტიისპირეთის ქვეყნებში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის შეხვედრებისგან ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი, კონსტიტუციის დარღვევაზე მაღლა დგას.

სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ვოიაჟებში პრობლემას ვერც საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ხედავენ. ნაწილი პრეზიდენტის მხრიდან უზენაესი კანონის უგულებელყოფას, კონსტიტუციაშივე დაცული ევროინტეგრაციის ვალდებულებით ხსნის, მეორე ნაწილი კი ზურაბიშვილის ქმედებებს მიღმა, მოქმედი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური დარტყმების მიყენების მცდელობას ხედავს.

საქართველოს კონსტიტუცია საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლებას რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს - ეს სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. კანონმდებლებს არც პრეზიდენტის გულწრფელობის სჯერათ. ამბობენ, რომ ზურაბიშვილის განცხადებები, რეალურად, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების შეფერხებას უწყობს ხელს.

დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი - ამას 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, საქართველოს პარლამენტს ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის მოუწევს კენჭის ყრა. პრეზიდენტის გადადგომისთვის კი 100 დეპუტატის ხმაა საჭირო.

დღის ამბები