პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ერთ-ერთი ავტორმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი პროცესი დარჩება სამართლებრივ ჩარჩოებში და აღნიშნა, რომ ოპონენტები ამ მარტივი კაზუსის სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გატანას ცდილობენ.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლებს გუშინდელ პროცესზე მარტივ კითხვაზე პასუხის გასაცემად დიდი დრო დასჭირდათ.
"მარტივ კაზუსთან გვაქვს ჩვენ შეხება, თუმცა აქაც აბსურდზე მიდის საუბარი, რომელიც შემხებლობაში არ არის იმ საკითხთან, რაზეც ჩვენ ვდავობთ. იმედია, რომ მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული დღევანდელი დისკუსია. გუშინ დავიწყე კითხვების დასმა - ეს არის პროცედურის შემდეგი ნაწილი და დავსვი ორი მარტივი კითხვა, იყო ეს ვიზიტი, მათი პოზიციით, სამუშაო ვიზიტი იყო თუ კერძო ვიზიტი. 10 წუთი დასჭირდათ ამაზე საპასუხოდ, როდესაც მარტივი პასუხია გასაცემი, ეს ხომ ოფიციალური კატეგორიებია, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტის ბრძანებულებით არის განსაზღვრული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.