იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელი განიხილავს საქართველოს უფლებამოსილებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, პარალელურად დებატები მიმდინარეობს იმ პირობების ირგვლივ, რომლებიც უნდა შესრულდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის სტატიაშია აღნიშნული, რომელიც "ეურაქტივმა" გამოაქვეყნა.
ავტორი სტატიაში 10 პირობაზე საუბრობს, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.
კაპანაძე ყურადღებას დეპოლარიზაციაზე ამახვილებს და ამ მხრივ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოგვარებაზე და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ამახვილებს ყურადღებას.
"2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველო აკმაყოფილებდა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული საწყისი თორმეტი პირობიდან სამს: გენდერული თანასწორობა, დამოუკიდებელი ომბუდსმენი და ECtHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული დაცვა, თუმცა, გარკვეული აქტუალური თემები აშკარად მოუგვარებელი რჩება, განსაკუთრებით დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. სხვა სფეროებში, მათ შორის საარჩევნო და სასამართლო რეფორმების, მედიის თავისუფლებისა და უმცირესობების უფლებების ჩათვლით, ნაწილობრივი პროგრესი განიცადა საქართველომ.
ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ყოყმანობს ევროკავშირის პირობების შესრულებას, განსაკუთრებით იმ პირობების მიმართ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" დომინანტურ პოზიციას.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება შესაძლოა იყოს ევროკავშირის ყველაზე მყარი ინსტრუმენტი საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად. სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, როდის გამოიყენებს ევროკავშირი ბერკეტს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გავლენა – ახლა თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ათი ძირითადი პირობა უნდა განაპირობოს ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ:
დეპოლარიზაცია უნდა შენარჩუნდეს, როგორც არსებითი პრიორიტეტი. ევროკავშირმა უნდა უბიძგოს ქართულ ოცნებას, უზრუნველყოს ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში, შეამციროს პოლარიზებული რიტორიკა და მოხდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპოლიტიზაცია. დეპოლარიზაცია უნდა მოიცავდეს პოლიტიკური დევნის საკითხისა და დაკავებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოგვარება.
ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს საქართველოს სრული თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. "ქართულ ოცნებას" უნდა უბიძგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დანერგვისკენ და უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ საქართველოს ტერიტორია არ არ გამოიყენებოდეს მათი გვერდის ავლით.
საქართველო ასევე უნდა გაუმკლავდეს რუსეთის გავლენის ზრდას, გამოავლინოს რუსეთის საგარეო საინფორმაციო მანიპულირების ჩარევა (FIMI) და რუსეთის გავლენის აგენტები, რომლებიც ხშირად დაუსჯელად სჩადიან დანაშაულს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ,"-წერს კაპანაძე.
სტატიაში ასევე საუბარია საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. ავტორის თქმით, ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირება, საარჩევნო ბლოკებს ხელს შეუწყობს. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს.
"ქართულმა ოცნებამ"უნდა გამოასწოროს სისტემური ხარვეზები საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევით, წინასაარჩევნო ბლოკების დაშვებით და ხმების მოსყიდვისგან, ძალადობისა და გაყალბებისგან თავის შეკავებით. ადმინისტრაციული რესურსებისა და საბიუჯეტო ხარჯების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით უნდა მოითხოვოს მკაფიო დემარკაცია სახელმწიფო და პარტიულ რესურსებს შორის,"- წერს "ეურაქტივი".