16 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ბუნებრივია იმპიჩმენტს არ ექნება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერა და ჩავარდება დღეს, მაგრამ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ რამეს, პირველ რიგში შევინარჩუნეთ კონსტიტუცია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იმართება, ალეკო ელისაშვილის კითხვას უპასუხა თუ რა შედეგს მივიღებთ, როცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ჩავარდება. 

ირაკლი კობახიძე არ უარყოფს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ჩავარდება, თუმცა მისივე თქმით, ორი მნიშვნელოვანი შედეგი ექნება პროცედურას, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და მისი პრევენცია და მეორე - სალომე ზურაბიშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩამოყალიბებული ალიანსის ლუსტრაცია.

"რას მივიღებთ ამ პროცესებით, თუ არ ვცდები ეს იყო ბატონი ალეკო ელისაშვილის კითხვა, როცა ჩავარდება. რა თქმა უნდა დღეს ვხედავთ, რომ ჩავარდება ეს ყველაფერი, წინასწარ გავლილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევა ქალბატონ სალომეს კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან" და ბუნებრივია იმპიჩმენტს არ ექნება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ჩავარდება დღეს იმპიჩმენტი, მაგრამ რას ვიღებთ? – ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ რამეს. პირველ რიგში შევინარჩუნეთ კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას სამომავლოდ, ამას ჰქონდა სერიოზული სახელმწიფოებრივი პრევენციული ეფექტი, დადგინდა დარღვევა იქ, სადაც უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია.

მეორე ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვიღებთ, მათ შორის იმ სურათით, რაც დღეს აქ გვაქვს , ლუსტრაცია იმ ალიანსისა, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილისა და კოლექტიურ
"ნაცმოძრაობას" შორის. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ, პირდაპირ ალიანსშია. თავიდანვე ვამბობდით, რომ "ნაცმოძრაობის" იმედით არღვევდა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას და ამის ამსახველი სურათია დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. უფრო მეტიც, გუშინწინ წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაცა თქვა, რომ ძლიერი სურათი რომ დავდგათო, თქვენ გარეთ დარჩით მე ვიქნები მარტო დარბაზშიო. "კარწინკაზეც" ერთად თანხმდებიან სალომე ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" იმ დონეზე ღრმად არიან შესული ისინი ერთმანეთთან ალიანსში.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა, პრევენცია და მეორე – ლუსტრაცია იმ სამარცხვინო ალიანსისა, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" შორის," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრება. პროცესზე დარბაზში ბოლომდე დარჩენას "გირჩის" წარმომადგენლები აპირებენ.

სხდომას საკუთარი სამუშაო ოთახებიდან ადევნებენ თვალს "ნაციონალური მოძრაობის", ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

დღის ამბები