12 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
"იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში, პროცესები დასრულებულია და უახლოეს მომავალში მოხდება მისი იტალიაში ექსტრადირება" - ირაკლი შოთაძე საქართველოში დაკავებულ იტალიური მაფიის ბოსზე

იტალიური მაფიის ბოსის, 67 წლის ჯუზეპე სგანგას საქართველოში დაკავებასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძის თქმით, აღნიშნული პირი იტალიის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა, საქართველოში მისი დაკავება იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით მოხდა და იტალიაში ექსტრადირება უახლოეს მომავალში განხორცილდება.

"იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით, ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცესები დასრულებულია, მიღებულია მისი იტალიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსტრადირება. ბრალდება არის ერთ-ერთ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. საუბარია, იტალიის ტერიტორიაზე მოქმედი ერთ-ერთი ცნობილი ორგანიზებული ჯგუფის კრიმინალურ საქმიანობაზე. აღნიშნული პირი, წითელი ცირკულარით იძებნებოდა იტალიის მიერ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოში იტალიური მაფიის ბოსი, 67 წლის ჯუზეპე სგანგა დააკავეს. ის საკუთარ ქვეყანაში დაუსწრებლად ჯერ კიდევ 2020 წელს გაასამართლეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ, ჯუზეპე სგანგაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

დღის ამბები