16 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მისი ერთ-ერთი უძლიერესი აქტივია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონულ ცენტრზე აქცენტი გაკეთდა ბრიუსელში - "გლობალური კარიბჭის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელზე, სახელწოდებით "სატრანზიტო დერეფნები", მთავარი მომხსენებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის შესაძლებლობებსა და პოტენციალზე. ბრიუსელში, დღეს, "გლობალური კარიბჭის" მეორე დღეა - ფორუმი 300 მილიარდი ევროს მობილიზებას ცდილობს.

შეხვედრებს ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერზეც" გამოეხმაურა.

"ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მისი ერთ-ერთი უძლიერესი აქტივია, ამიტომ გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენ შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად. გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ და ციფრულ ცენტრად.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოუყენებელი შესაძლებლობები შავი ზღვის კვეთით, რაც მტკიცედ დაგვაკავშირებს ევროკავშირთან და საშუალებას მოგვცემს სრული პოტენციალი ავითვისოთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის.

აღმოსავლეთ-დასავლეთ ვაჭრობის დივერსიფიკაციის და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით შუა დერეფანი საქართველოს გავლით ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად.

საქართველოს როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციის მხარდასაჭერად ჩემი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განხორციელდა ქვეყნის გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაზე, ისევე როგორც ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების შემუშავებაზე.
ეს მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს, რომელიც სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის და მწვანე განახლებადი ენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას გააჩენს საქართველოს გავლით ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. ხოლო შავ ზღვაზე გაუმჯობესებული საბორნე მიმოსვლა გააუმჯობესებს საერთაშორისო ტრანზიტს შუა დერეფნის გავლით.

ახალი პორტის განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის დიდი ოდენობის ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. ჩემი მთავრობა საჰაერო კავშირსაც აძლიერებს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, რომელიც უმაღლესი კატეგორიის სატრანზიტო კვანძი გახდება და საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს გლობალური საავიაციო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილის რანგში. 

ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი შედეგად იქონიებს სამუშაო ადგილების, ეკონომიკური ზრდის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის და ზოგადად, რეგიონისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები