18 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოში არეულობით ემუქრება - რას პასუხობს "ოცნება" ენმ-ის თავმჯდომარეს და რას ახსენებს იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვის გამო დაუპირისპირდა. მეტიც, ლევან ხაბეიშვილმა შალვა პაპუაშვილი გააფრთხილა, რომ თუკი ის დეპუტატებს ექსპრეზიდენტთან კლინიკაში არ შეუშვებს, "ნაციონალური მოძრაობა" სპიკერს პარლამენტში მძიმე და არასაქმიან გარემოს შეუქმნის.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მუქარას მალევე გამოეხმაურა პარლამენტიდან "ქართული ოცნება". მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპონენტებს ისიც შეახსენა, რომ, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, ყოფილი პრეზიდენტის მონახულებას არაერთი პირი ახერხებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში შესვლა სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც სურთ. ამ მხრივ, დღეს განსაკუთრებით იაგო ხვიჩია აქტიურობდა, რომელმაც საკუთარი მოთხოვნა პლენარულ სხდომაზეც კი გააჟღერა. მის განცხადებას სესიაზე, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ხმაური და შეურაცხმყოფელი კამათიც მოჰყვა.

ყოფილ პრეზიდენტთან კლინიკაში ვიზიტები და სასამართლოდან მისი პოლიტიკური განცხადებები დღეს იუსტიციის მინისტრმა და დედაქალაქის მერმაც შეაფასეს. კახი კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები ტელეშოუს შეადარა. რატი ბრეგაძემ კი სააკაშვილს შეახსენა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და შესაბამისად საქართველოში, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებისა და პროცესებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. იუსტიციის მინისტრი პატიმრის კლინიკაში მონახულების საკითხსაც შეეხო.

მიხეილ სააკაშვილი, წელიწადზე მეტია, რაც "ვივამედის" კლინიკაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მკურნალობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლო არაერთ საქმეს განიხილავს, სადაც ბრალდებული სწორედ ყოფილი პრეზიდენტია.

დღის ამბები