საპარლამენტო სხდომის განახლების შემდეგ, განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ირაკლი ბერაიამ თავის განცხადებაზე ბოდიში უკვე მოიხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას მიმართა და ურჩია, ეს კულტურა თავიანთ რიგებშიც დაამკვიდრონ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, როდესაც პოლიტიკოსი მსგავსი ეპითეტებით პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართავს კოლეგებს, ის პარლამენტში თანამდებობას არ იმსახურებს და „ცალყბად მოხდილი ბოდიში“ მისთვის მიუღებელია.
"ცალყბად მოხდილი ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის. ერთს გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ადამიანს რომელსაც შეუძლია ასეთი ეპითეტები კოლეგების მიმართ გამოიყენოს და ეს გააკეთოს პარლამენტის ტრიბუნიდან და, ამ შემთხვევაში, მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს - თანამდებობას არ იმსახურებს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს "გაგორებული ფალავანი" თქვენთვის მისაღებია, მაშინ გყავდეთ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. შალვა პაპუაშვილის თქმით, თეონა აქუბარდიას გადასაწყვეტი არ არისმ ვინ დაიწყებს და ვინ დაასრულებს პოლიტიკურ კარიერას.
"ქალბატონო თეონა, საბედნიეროდ, თქვენი გადასაწყვეტი არ არის, ვინ დაიწყებს პოლიტიკურ კარიერას და ვინ დაამთავრებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თქვენ დღეს რა ტერმინოლოგიაც გამოიყენეთ, არანაირად არ გამართლებთ. ბატონმა ირაკლიმ გუშინ რაც თქვა და რაც ისაუბრა, თუ ბოლო მონაკვეთს არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ. თქვენ მისი ოპოზიციონერი მოადგილე ხართ, რომელსაც უმრავლესობამ მხარი დაგიჭირათ და ამაზე საუბრობდა, თუ როგორ ახდენთ კომიტეტის თავმჯდომარის დისკრედიტაციას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თუ თანამდებობას არ დაატოვებინებს ირაკლი ბერაიას, მაშინ მათ თავდაცვა თვითონ მოუწევთ.
"თუ თქვენ არ გაძლევენ იმის საშუალებას, რომ ადეკვატური რეაგირება გქონდეთ და უბრალოდ გადააყენოთ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს თავი დავიცვათ. ნორმალურ ქვეყანაში, უბრალოდ, მანდატს დაატოვებინებდნენ იმის შემდეგ, რაც იკადრეს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თეა წულუკიანის პარლამენტში ვიზიტის დროს, ქალმა დეპუტატებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მინისტრს, თუმცა ამასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან რაიმე ტიპის სინანული არ შეუმჩნევია.
"ის, რაც სალომე სამადაშვილმა და, მასთან ერთად, სამმა ქალმა დეპუტატმა იკადრა მაშინ, როდესაც ქალბატონი თეა წულუკიანი იყო აქ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, სინანული კი არა, რაიმე შეწუხებაც კი ვერ შევატყვე მათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ორმა დეპუტატმა, არა მარტო შეურაცხყოფა მიაყენა ქალ ოპოზიციონერ დეპუტატს, არამედ მისი პირადი ცხოვრებით სპეკულაციას შეეცადა, რითაც დაარღვია, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია.
"ის პლაკატი, რომელიც ჩვენ აქ გავშალეთ, გახდა სლოგანი თავისუფლებისთვის ბრძოლის, რუსეთის წინააღმდეგ. გუშინ, აქ მოვიდა ორი დეპუტატი და, წინასწარ დაწერილი ტექსტით, არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა [კოლეგას], არამედ ეს იყო საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც ცდილობ, ადამიანის ღირსება გაანადგურო, მისი პირადი ცხოვრებით სპეკულაციით. გადაეცეს მისი საქმე პარლამენტის ეთიკის საბჭოს და შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.