22 დეკემბერი 2024,   09:52
ვრცლად
პატიმრების გაქცევა კლინიკიდან - სად იყო საბადრაგო სამსახური და რას აცხადებს ფაქტზე იუსტიციის სამინისტრო

"ავერსის" კლინიკის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობა კინოლოგებმა დაიწყეს. ერთ-ერთი ვერსიით, ძაღლებმა გაქცეული პატიმრების კვალი უკვე აიღეს, რადგან სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით, დამატებითი ტერიტორია შემოსაზღვრეს.

კინოლოგების გარდა, ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მუშაობენ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები და ექსპერტ კრიმინალისტები. სამართალდამცველები მედიასთან მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. მათ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს პენიტენციური სამსახურის სპეციალური ავტომანქანა, რომლითაც სავარაუდოდ, კლინიკაში პატიმრები გადაიყვანეს. მიმდინარეობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლა, მიმდებარე ტერიტორიის ფოტო დამუშავება.

არსებობს რამდენიმე ვერსია, როგორ გაიქცნენ პატიმრები "ავერსიდან" - ერთ-ერთი ვერსიით, მათ შენობა ცენტრალური შესასვლელიდან დატოვეს. ეზოში გამოიქცნენ, იქვე, ორას მეტრში, შესახვევში მდებარე ღობიდან გადაძვრნენ და კიბით ისარგებლეს. მეორე ვერსიით კი, მათ ტერიტორია პარკინგის გავლით დატოვეს. კლინიკის თანამშრომლები მედიასთან დეტალებზე ვერ საუბრობენ.

3 პატიმარი სავარაუდოდ დღის პირველი საათისთვის, "ავერსის" კლინიკაში კვლევებზე გადაიყვანეს. მათ კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა ჩასტარებოდათ, რომელიც "ავერსის" კლინიკაში კეთდება. მსჯავრდებულები საავადმყოფოში ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს. როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ავერსის კლინიკაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ პატიმრები გაიქცნენ.

დღის ბოლოს კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგვაძე გაქცეულ პატიმრებს ჩაბარებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ იმ პირებსაც, ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ გაქცეულებთან, პასუხისგება მოუწევთ. მინისტრი განმარტავს, რომ თუკი რომელიმე თანამშრომლის მხრიდან სამართალდარღვევა გამოიკვეთება, ისინი კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

გამოძიება ახლა რამნდენიმე მიმართულებით მუშაობს. ეძებენ გაქცეულებს, პარალელურად კი ადგენენ, ჰყავდათ თუ არა მათ თანამზრახველები.

 

 

დღის ამბები