15 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
„კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში, მთავარი მიზეზი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან“ - ხატია დეკანოიძე

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე 6 დღეს რჩება. იქამდე, თბილისში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის.

ოპოზიცია აცხადებს, რომ, თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მდებარეობის დამსახურება იქნება, რადგან, მათი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელია.

მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ოპოზიციამ ევროკავშირის რეკომენდაციებს თავიდანვე გამოუცხადა ბოიკოტი და მათი მიზანია, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ამ მოსაზრებას ოპოზიციის ნაწილიც იზიარებს და კოლეგებს მოუწოდებს დაასახელონ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველოსთვის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, ეს მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.

"საქართველოს მოქალაქეები იქნებიან მთავარი მიზეზი კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში. ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და ყველას მინდა ვთხოვო და ვურჩიო, ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, ვიზრუნოთ მხოლოდ ერთადერთზე - საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება, ზოგადად ვინ არის დაინტერესებული, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის, პირველ რიგში, ქართული ოცნება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია ”საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, თუ ხელისუფლება ყველაფერს სწორად აკეთებს, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ კონკრეტული პირები თუ მავნებლობენ, ევროკომისიამ ამ პირებზე დაყრდნობით შეცვალოს გადაწყვეტილება.

"ხელისუფალს იმიტომ ჰქვია ხელისუფლება, რომ მის ხელშია გადაწყვეტილების მიღება. ვიღაც ინდივიდუალურად რომ დადიოდეს და მავნებლობდეს, ვის სჯერა იმის, რომ, თუ ხელისუფლება ყველაფერს სწორად ასრულებ ევროკავშირი [შეცვლის გადაწყვეტილებას]. ევროკავშირზეა საუბარი, ჭორბიუროზე ხომ არ ვსაუბრობთ?.. ამიტომ, ცოტა არასერიოზულია. რაც შეეხება საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერეს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა და ამ ყველაფერზე საუბარი ახლა მიზანშეწონილი არ არის", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დღის ამბები