საქართველოში, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მის ექსტრადირებას ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება თბილისში 30 ოქტომბერს მოხდა, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
საექსტრადიციო პატიმრობა მას პირველ ნოემბერს შეეფარდა. კონკრეტული მუხლების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მის ექსტრადირებას ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს," - აცხადებს ადვოკატი ნინო მიქატაძე.
დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე სექსუალური ძალადობა და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილში შემოვიდა. საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა, 2023 წლის 27 ივნისიდან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ, წითელი ცირკულარით გამოცხადდა.