09 ივლისი 2024,   03:49
ვრცლად
ზურგში მოხვედრილი ორი ტყვია და დაცხრილული მანქანა - "რუსთავი 2-მა" თამაზ გინტურის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული კადრები მოიპოვა

"რუსთავი 2-მა" მოიპოვა ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ თამაზ გინტურის ბოლო კადრებია მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე.​

ვიდეო საოკუპაციო რეჟიმმა სავარაუდოდ მისი ტელეფონიდან ამოიღო და ადგილობრივი მედიით გაავრცელა. 

კადრებში კარგად ჩანს სამი ადამიანი: მოკლული თამაზ გინტური, გატაცებული ლევან დათიაშვილი და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც  უცნობია.

საგამოძიებო მოქმედებები ლომისის ეკლესიის ქვედა პერიმეტრთან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ჯერ ისევ აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას მოკლულის ავტომობილიც. სოფელ კირბალში დღეს ჟურნალისტები პოლიციის თანხლებით შევიდნენ და ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

ოკუპანტების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 58 წლის კაცს ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მისი მანქანა კი დაცხრილულია. კირბალში მცხოვრები მოსახლეობის თქმით, სოფელში 7 გასროლის ხმა გაიგეს.

ახლობლების ინფორმაციით, გინტური და დოთიაშვილი, ჯერ სასაფლაოზე წავიდნენ, შემდეგ კი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს.

თავდასხმის შემდეგ, ლევან დოთიაშვილს, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკვის უფლება მისცეს, ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლა და ტერიტორიიდან თამაზ გინტურის გადაყვანა მოითხოვეს. 33 წლის დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, 58 წლის გინტურის ცხედარი კი ადგილზე, საკუთარ ავტომობილში დატოვეს. მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს 9 შეიარაღებული ოკუპანტი დაესხა თავს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი, ექსპერტიზის შემდეგ, მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. ოჯახი მთელი დღის განმავლობაში სამძიმარს იღებდა. 58 წლის მამაკაცი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე და ძალოვანი უწყების ყოფილი წარმომადგენელი იყო.

მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრეს ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ადგილზე განმარტა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოკითხულია არაერთი მოწმე.

სოფელ კირბალში დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტიც ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილმა ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა, ტერიტორია კი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობისა და უკანონო გატაცების ფაქტიდან მალევე, ქართული მხარის მოთხოვნით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით, ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა ჩაინიშნა. მკვლელის დასჯა და უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლება - ეს ორი მთავარი მოთხოვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეხვედრის დროს დააყენა.

დღის ამბები