09 ივლისი 2024,   03:19
ვრცლად
"არ მეგონა, ასე მალე თუ ჩაერთვებოდა ამდენი სტრუქტურა და ამდენი ხალხი - ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი ჩემი შვილის გათავისუფლებაში" - ლევან დოთიაშვილის მამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსი ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან ელოდნენ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები. მათი თქმით, უკანონოდ დაკავებულის ასე სწრაფად გათავისუფლება მათთვის მოულოდნელი იყო და ყველას, ვინც პროცესში იყო ჩართული, მადლობას უხდიან.

ლევან დოთიაშვილის მეუღლის, სოფიო ანდრიაძის თქმით, ლევანი ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა.

"ძალიან გახარებულები, ბედნიერები ვართ, ჯანმრთელი და უვნებელი დაგვიბრუნდა. ვინც ოდნავი წვრილი შეიტანა ამ ყველაფერში [მის გათავისუფლებაში], ყველას დიდ მადლობას ვუხდი", - განაცხადა სოფიო ანდრიაძემ.

ლევან დოთიაშვილის მამის განცხადებით, პარლამენტის წევრები ამხნევებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ლევანი სახლში მალე დაბრუნდებოდა, თუმცა მისი დაბრუნების ზუსტი დრო არავინ იცოდა.

"ყოველ წუთს ველოდებოდი, მაგრამ, თუ ასე მალე ჩაერთვებოდა ამდენი სტრუქტურა და ამდენი ხალხი, არ მეგონა. დღეს მთელი პარლამენტი მოვიდა და დამამშვიდეს, თუმცა ზუსტი პასუხი არ იცოდნენ, რომ დღეს გამოვიდოდა. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი ჩემი შვილის გათავისუფლებაში", - განაცხადა იური დოთიაშვილმა.

დღის ამბები