09 ივლისი 2024,   03:22
ვრცლად
თეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრების გამართვას. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების წევრებს შეხვდა.

მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა და, ამჯერად, იმერეთისა და რაჭის რეგიონებში მცხოვრებ გაუჩინარებულთა 40-ზე მეტ ოჯახის წარმომადგენელს შეხვდა. ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით მიმდინარე, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონშიც. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, ბათუმში, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრებ გაუჩინარებულთა 20-მდე ოჯახის წარმომადგენელს შეხვდა. ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ეტაპობრივად იზრდება პროგრამის განხორციელების პროცესში საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა, ჩართულობა და როლი. ამასთან, ხაზი გაესვა ICRC-თან შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობის და კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას.

ოჯახებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დღის ამბები