რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა სამხედრო ბაზების შესაქმნელად, - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგს, ოჩამჩირეში რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით კითხვა "რუსთავი2-მა" დაუსვა. ცოტა ხნის წინ, ნატო-ს გენმდივანთან, სამუშაო საუზმე ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა გამართეს. საგარეო უწყების ხელმძღვანელების შემდეგ, სწორედ თავდაცვის პირველი პირები შეიკრიბნენ ბრიუსელში.
განხილვის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა. მიზანია შეძლონ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს წლიურად, უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას.
"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა სამხედრო ბაზების შესაქმნელად. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად შორს შეუძლია რუსეთი წავიდეს, რათა მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს უკრაინაში. უკრაინელები თავდაცვაზე იმყოფებიან, რადგან მათ რეალურად მიაღწიეს წარმატებებს ყირიმში საზღვაო ობიექტებზე თავდასხმაში. ამიტომ, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც რეალურად აჩვენებს იმ მიღწევებს, რომლებიც უკრაინელებს აქვთ რუსეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ თავდასხმაში", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ჰანო პევკურის თქმით, უკრაინა თავისუფალი ევროპისთვის იბრძვის და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საბრძოლო მასალაში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ამიტომ დრო აღარ არის. ჩვენ გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვიმედოვნებთ, მოვისმენ ძალიან კარგ გზავნილებს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტის 30%-ს საბრძოლო მასალის ინვესტიციაში ჩავდებთ. ჩვენ ყველას გვჭირდება მეტის წარმოება. ოპტიმისტურად განწყობილი რომ არ ვიყო, მაშინ აქ არ ვიქნებოდი. ეს საჭიროა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. იმის გამო, რომ უკრაინა ჩვენთვის იბრძვის, უკრაინა ასევე იბრძვის თავისუფალი ევროპისთვის. ამიტომ გვჭირდება ეს გადაწყვეტილებები. ყველას გვესმის. ამიტომაც, როდესაც ვუყურებთ ისრაელს, ახლო აღმოსავლეთს, ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები აქ, ევროპაში", - განაცხადა ჰანო პევკურიმ.