26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, პალესტინის ორ სკოლაში ათობით ადამიანია დაღუპული

ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, პალესტინის ორ სკოლაში ათობით ადამიანია დაღუპული. რთული ვითარებაა ალ-შიფას საავადმყოფოში, სადაც, ევაკუაციის შემდეგ, "გაეროს" წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათი შეფასებით, ჰოსპიტალი "სიკვდილის ზონაა".

პარალელურად, დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა განცხადება, რომ მათ დაკარგეს კონტაქტი მათთან, ვინც პასუხისმგებელია ისრაელელ ტყვეებზე. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, მიღწეული არ არის.

ჯო ბაიდენის თქმით, თუ ჰამასს ომის დასრულება სურს, უნდა გაათავისუფლოს ტყვეები და დაჯგუფების მეთაურები ისრაელის მხარეს გადასცეს.

"სამხედრო ძალები აგრძელებენ ოთხი ძირითადი მიზნის განხორციელებას - პირველი არის მძევლების მოძიება და ინფორმაციის მოპოვება, ეს არის მთავარი პრიორიტეტი. მეორე არის იარაღისა და სამეთაურო-საკონტროლო ოთახების მოძიება. მესამე - ტერორისტების პოვნა, რომლებიც საავადმყოფოს მიდამოებში არიან. და მეოთხე - საავადმყოფოს მიწისქვეშა ნაწილის გამოაშკარავება. სპეცრაზმი ახლა მოქმედებს შახტაში, რომელიც ჩვენ გამოვავლინეთ წუხელ ალ-შიფას საავადმყოფოში და ჩვენ გამოვაქვეყნებთ მასალებს იქიდან", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი.

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი პასუხისმგებლობას შტატების პრეზიდენტს აკისრებს და აცხადებს, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს პროცესში, რათა შეწყდეს აგრესია.

"დღეს მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება თავისი საერთაშორისო პოზიციისა და ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებაზე მნიშვნელოვანი გავლენის გამო, ჩაერიოს დაუყოვნებლივ ამ აგრესიის შესაწყვეტად. პრეზიდენტო, ბაიდენო, მოგიწოდებთ მთელი თქვენი ოფიციალური და ადამიანური შესაძლებლობებით, შეწყვიტოთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, ეს გენოციდი უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ისტორია არავის გაამართლებს ამ დანაშაულებისთვის. მოგიწოდებთ, დახმარება აღმოუჩინოთ ღაზაში, ალყაში მყოფ ჩვენს ხალხს. ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. როგორ შეიძლება, ეს გენოციდი თავდაცვა იყოს?", - განაცხადა მაჰმუდ აბასიმ.

 

დღის ამბები