საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.
სიტყვით გამოსვლისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოში ეუთო-ს პრეზიდენტის, პია კაუმას და დელეგაციის ვიზიტზე და ასევე, ჩვენი ქვეყნის რეგიონულ როლზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის მიერ საოკუპაციო ხაზის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება. იმ პირების, რომლებიც რუსული ოკუპაციის გამო უკვე 15 წელზე მეტია (ზოგიერთი - 30 წელია) ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს ხელი შეუწყოს. ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ თბილისი, როგორც მოლაპარაკებების ადგილი და ვიმედოვნებთ, რომ იმ ვალდებულებით, რომელიც ორივე მხარემ საჯაროდ გამოთქვა და აიღო, ჩვენ შევძლებთ უახლოეს თვეებში აღვნიშნოთ გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენს ორ მოძმე მეზობელ ქვეყანას შორის. ჩვენი მხრიდან, საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა გამოეხმაურა.
„ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოში სტუმრობა. ახლა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველამ ვიცით, რომ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად რამდენიმე კვირაში, დეკემბერში გამოცხადდება“, - განაცხადა პია კაუმამ და აღნიშნა, რომ ეუთო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის კუთხით.
„ჩვენ ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე, გავეცანით არსებულ ვითარებას. ვნახეთ როგორია, როდესაც სხვა ქვეყანა უკანონოდ ახდენს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, ვესაუბრეთ მოსახლეობას. იქ საკუთარი თვალით ვნახეთ ვითარება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მისაღები. ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ასევე, სრულად გიჭერთ მხარს რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში. თქვენ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
სესიაში ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა.