14 ოქტომბერი 2024,   22:36
ვრცლად
24 საათში განადგურებული 200 ობიექტი - სახლებში, რელიგიურ დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში, "ჰამასის" გვირაბებთან დამაკავშირებელი ათობით შახტაა აღმოჩენილი

200 განადგურებული ობიექტი 24 საათში. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში "ჰამასის" ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. საცხოვრებელ სახლებში, რელიგიურ დაწესებულებებსა და საავადმყოფოების შენობებში, ტერორისტული ორგანიზაციის გვირაბების სისტემასთან დამაკავშირებელი ათობით შახტაა აღმოჩენილი. ყველა მათგანი განადგურებულია.

"ცახალის" სახმელეთო ოპერაცია გაფართოვდა და ღაზას სექტორის სრული ტერიტორია მოიცვა. ამის შესახებ ცნობებს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ასევე, უწყების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე მეთაური.

ბრალდებას ბრალდებით პასუხობს და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს ისრაელს ტერორისტული ორგანიზაცია. "ჰამასის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მოსახლეობას წასასვლელი არსად აქვს და მათი უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი არსად არის.

გადამწყვეტი ათწლეული, რომელმაც მსოფლიო წესრიგი უნდა განსაზღვროს - ასე აფასებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი. ლოიდ ოსტინის თქმით, არც "ჰამასს" და არც პუტინს გამარჯვების საშუალება არ უნდა ქონდეთ. ტერორისტული ორგანიზაციის გნადგურებას მიესალმება საფრანგეთიც, თუმცა ემანუელ მაკრონი მშვიდობიანი მოსახლეობსი უფლებების დაცვაზეც ამახვილებს ყურადღებას. "ცახალის" ოპერაციას კვლავ მკაცრად აკრიტიკებს თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს მშვიდობიანი მოსახლეობის დევნისა და მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

მოწოდებას ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ავრცელებს "ჰამასიც". ტერორისტული ორგანიზაცია ლიბანის ტერიტორიაზე მცხოვრებ პალესტინელებს მათ რიგებში გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალები კი ლიბანში "ჰესბოლას" ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. "ცახალის" ინფორმაციით, აფეთქებულია ორგანიზაციის სამეთაურო შტაბი და რამდენიმე სამხედრო ობიექტი.

დღის ამბები