27 ივლისი 2024,   04:24
ვრცლად
უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა - კომერციული ბანკები და განაკვეთების უფრო შემცირებას აანონსებენ

უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. მიზეზი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაა, რომელმაც კომერციულ ბანკებს რეზერვების ზედა ზღვარი და სარეზერვო ვალდებულებები შეუმცირა. საფინანსო ინსტიტუტებისთვის შემსუბუქებულმა პირობებმა მათ საშუალება მისცა მცირე და საშუალო ბიზნესს უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის პროცენტი შეუმციროს. გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის და ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს აუცილებელია - აცხადებენ კომერციული ბანკები და საპროცენტო განაკვეთების უფრო შემცირებას აანონსებენ.

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში რეზერვების ზედა ზღვარს 25-დან 20 პროცენტამდე უმცირებს. იკლებს ბანკებისთვის დაწესებული დამატებითი სარეზერვო მოთხოვნის მოცულობაც. გადაწყვეტილება მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის კომიტეტებმა უკვე მიიღეს. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სიახლეს, დოლარსა და ევროსთან მიმართებაში გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობებით ხსნის. ნატია თურნავას განმარტებით, შემსუბუქებული პირობები მცირე და საშუალო ბიზნესს უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებზე პროცენტს შეუმცირებს, რაც ეკონომიკურ სტაბილურობაზე დადებითად აისახება.

უცხოურ ვალუტაში სესხებზე განაკვეთი 2 პროცენტით უკვე შეამცირა "საქართველოს ბანკმა". ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო საფინანსო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. მათთვის პირობების შემსუბუქება, კი გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

კომერციული ბანკებისთვის რეზერვების ვალდებულების შემცირება რომ კერძო სექტორზე პოზიტიურად უკვე აისახა, ამას "თიბისი ბანკშიც" ადასტურებენ. ქართული საბანკო სისტემის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას აანონსებს. ბანკის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება ლარის კურსის სტაბილურობასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც პოზიტიურად აისახება.

კერძო სექტორისა და ეროვნული ბანკის ეფექტურ თანამშრომლობაზე ისაუბრა დღეს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმაც. სოსო ფხაკაძის აზრით, კოორდინირებული მოქმედება და დაბალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკური სუბიექტების უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი თითოეული მოქალაქის ფინანსურ კეთილდღეობაზეც აისახება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა, მომავალი წლის თებერვალში გაიმართება.

 

დღის ამბები